
რამდენიმე წუთის წინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე წარადგინა.
მინისტრის თქმით, დეკანოიძე აქტიურად მონაწილეობდა იმ რეფორემებში, რომლებიც განათლების სისტემაში მიმდინარეობდა. შაშკინი მიიჩნევს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი საზოგადოების დიდი ნდობით სარგებლობს. შაშკინი იმედოვნებს, რომ გამოცდები წარმატებით ჩატარდება.
მაია მიმინოშვილი გამოცდების ცენტრის დირექტორობიდან ორშაბათს გაათავისუფლეს. ოფიციალური მიზეზად “სამინისტროს პოლიტიკასა და მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის შეუთავსებლობა” სახელდება.
გუშინ, პროტესტის ნიშნად, გამოცდების ცენტრის სამოცდაათზე მეტმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა, დიმიტრი შაშკინი გუშინვე დღის განმავლობაში მათთან შეხვედრებს მართავდა და სამსახურში დარჩენაზე დაყოლიებას ცდილოდა, თუმცა ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, ისინი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ.