რამდენიმე წუთის წინ კულტურული მეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის შეჩერების შესახებ განცხადება გააკეთა.
ავუხსნით საზოგადოებას, როგორი რუდუნებით და ტოტალური ამოცანების ამოხსნით მიმდინარეობს აქ რესტავრაცია. ის ბრალდებებიც და გამოთქმული კრიტიკაც შეგვიძლია პუნქტობრივად გავიაროთ და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აზრს შეიცვლის. შეჩერების დრო უნდა გამოვიყენოთ მეტი შეჯერებისთვის, კონსოლიდაციისთვის და მალე, იმედი მაქვს ბაგრატის ტაძრის აღმშენებლობის ბოლო სტადია განახლდება", - ამბობს ვაჩეიშვილი.
ვაჩეიშვილი იმედოვნებს, რომ საზოგადოებისა და საპატრიარქოსთვის ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის დეტალების გაცნობის შემდეგ ტაძრის შესახებ გაუგებრობა შეწყდება და სარესტავრაციო სამუშაოები უწინდებურად გაგრძელდება.
საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბაგრატი ტაძრის რესტავრაციის შეჩერება გუშინ ქადაგებისას მოითხოვა.
"რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის არასწორად გაკეთებული და ეს ყველაფერი მოხდა იმისათვის, რომ მშენებლობა თუ რესტავრაცია კეთდებოდა, კეთდება საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად... აი, ამიტომ მე გავეცი ბრძანება, დაიწერა ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში, სანამ ჩვენ არ გავერკვევით, რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს მართლაც მსოფლიოში ცნობილი დიდი ისტორიული ძეგლია და ტაძარია და კულტურის უდიდესი ნიმუშია და ამიტომ ასე უბრალოდ, ჩვენ არ უნდა მოვკიდოთ ხელი", - ამბობდა პატრიარქი.