საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცოტნე გამსახურდიას თხოვნით, მის განცხადებას ავრცელებს.
ცოტნე გამსახურდია, რომელიც სასჯელს რუსთავის N17 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იხდის, პერსონალის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და მძიმედ დაავადებული პატიმრებისათვის არასათანადო მკურნალობაზე საუბრობს:
ცოტნე გამსახურდიას მოთხოვნა:
,, მე ცოტნე გამსახურდია რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულების უკანონოდ გასამართლებული პატიმარი, ვხედავ რა, სასჯელარსრულების დაწესებულების პერსონალის მხრიდან არაადამიანურ და ღირსებაშემლახველ მოპყრობას მძიმედ დაავადებული მსჯავრდებულების მიმართ არასათანადო მკურნალობის განხორციელებაში, ჩემი ვალია გამოვაცხადო პროტესტი შიმშილობის ფორმით და საკუთარი ხმა მოგაწვდინოთ მრავალი პატიმრის მძიმე მდგომარეობის გადმოსაცემად, რასაც ვაცხადებ მოთხოვნის ფორმით:
მოვითხოვ, გაუმჯობესდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩაუტარდეთ სათანადო მკურნალობა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ რუსთავის N17 სასჯელარსრულების დაწესებულების მსჯავრდებულებს ზაქრო ცაცაშვილის, სიმონ მამათელაშვილის და ზვიად მეოტიშვილის.
მოვითხოვ, ჩემს მიმართ განხორციელდეს ეფექტური და ადეკვატური მკურნალობა ხერხემლის და ღვიძლის დაავადებებთან დაკავშირებით.
მოვითხოვ, ჩატარდეს სასამართლო პროცესი – 2007 წელს სახელმწიფო უშიშროების მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით ,,ჯაშუშობისა და გადატრიალების მცდელობის” გამო, რომელიც სპეციალურად, ჩემს მიმართ შეთხზეს.
ვიმედოვნებ უყურადღებოდ არ დარჩება, ჩემი მცდელობა დავეხმარო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მსჯავრდებულებს და ამით ვიმყოფებოდე საკუთარი ხალხის სამსახურში. თუნდაც ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სამართლიანობის დიდი გამარჯვება იქნება.”