საქართველოს შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის თანამდებობაზე კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი ამირან გამყრელიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების შეჩერებას ითხოვს. ამ საკითხზე მან დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბუნდოვანია პრივატიზების პროცესი და მისი სავარაუდო მესაკუთრე.
"ვინ აპირებს საავადმყოფოს პრივატიზებას და რა ფორმით, ამ თემაზე არაერთი მცდელობის მიუხედავად, ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელით. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ გაფორმებულია კონტრაქტი, თუმცა თანხა გადარიცხული არ არის. შესაბამისად, მივმართავ ეკონომიკის სამინისტროს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობასა და პრივატიზების მსურველს, შეაჩერონ ეს პროცესი, რადგან საქმე ეხება დიდ სტრატეგიულ ობიექტს. რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზება დაუშვებელია და ის სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დაბრუნდეს, რადგან იგი არის ერთადერთი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან მიახლოებული კლინიკა, სადაც პროფესიონალი კადრების გაზრდაა შესაძლებელი", - ამბობს გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძე მაშინაც, როდესაც საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო, არასწორად მიიჩნევდა ჰოსპიტალების სრულ პრივატიზაციას.
"ყველგან არის ბალანსი სახელმწიფო თუ კერძო მფლობელობას შორის. დღეს არის ტენდენცია განკერძოებისა, მაგრამ იგივე ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ყველაზე ლიბერალურია, საკუთრების სამი ფორმაა. ერთია სახელმწიფო ან შტატის საკუთრება, მეორეა როდესაც საავადმყოფოს ფლობენ სხვადასხვა დიდი ჰოლდინგები, ეკლესია და საქველმოქმედო ორგანიზაციები, მაგრამ ისინი არიან არამომგებაინი სამედიცინო დაწესებულებები. ასევე არის მომგებიანი საავადმყოფოების ჯგუფიც. ამ სამი ფორმის თანაარსებობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერც ერთ ქვეყანას ვერ ნახავთ სადაც საავადმყოფოების 100 პროცენტი მომგებიანი იყოს. მედიცინა ისეთი ბიზნესი, რომელიც ძალიან დიდ მოგებას იძლევა, წესით და რიგით, არ არის. თუ ევროპას ავიღებ უმრავლესობა სამედიცინო დასეწებულების არის სახელმწიფოს, შტატის ან მიწის, არამომგებიანი ფონდების საკუთრებაში. მესამე დონის ჰოსპიტლები იმდენად ხარჯიანია, რომ თითქმის ყველა, ერთეული გამონაკლისები გარდა სახელმწიფოს საკუთრებაა." - ამბობდა ამირან გამყრელიძე "ლიბერალთან" საუბრისას.