
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს ტელეკომპანია “საქართველოს” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები “სამოქალაქო განათლების ფონდს” გადასცა. ფონდის დირექტორი და ერთ-ერთი დამაარსებელი ჟურნალ “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილია. ჟურნალს სწორედ ეს ფონდი გამოსცემს. ფონდი 2012 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს და მისი გამგეობის წევრები არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, გია ნოდია, გიგა ზედანია, ბაადურ მალაზონია, ლევან რამიშვილი, ალექსი მაჭავარიანი, ბექა მინდიაშვილი, დავით პაიჭაძე, კახა ბენდუქიძე, გიორგი ფრუიძე, ნინო გოგიბერიძე, დავით კოვზირიძე, ირაკლი საღინაძე, ქეთევან დევდარიანი, გიორგი ლიფონავა.
ტელეკომპანია “საქართველომ” და “სამოქალაქო განათლების ფონდმა” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს.
დღეს გამართულ სხდომაზე ლიცენზიის გადაცემის წინააღმდეგ კომისიის მხოლოდ ერთი წევრი წავიდა. აკაკი სიხარულიძის განმარტებით, ტელეკომპანია “საქართველო” მანამდეც არღვევდა კანონს, რადგან საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას მიუხედავად, მის ეთერში არ გადიოდა საინფორმაციო გამოშვებები თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუები. “მას 10 წლით მაინც გაუგრძელეს მაუწყებლობის უფლება. ამიტომ არ ვუჭერ მხარს მისთვის ლიცენზიის გადაცემას,” - განაცხადა სიხარულიძემ.
ტელეკომპანია „საქართველო“ №B21, №B91 და №B99 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიებს ფლობდა და მისი სიხშირე თბილისსა და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში ვრცელდებოდა.
სამხედრო თემატიკაზე მომუშავე არხი ეთერში 2007 წლის სექტემბერში გავიდა. საჯარო რეესტრის 2010 წლის მონაცემებით, ამ მაუწყებლის ერთპიროვნული მესაკუთრე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „დენალ იუნიონი“ იყო. 2011 წლის ბოლოდან მისი მფლობელი მცხეთა - მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ცეზარ ჩოჩელის ძმა, კომპანია „ბარამბოს“ მფლობელი იაგო ჩოჩელია.
"სამოქალაქო განათლების ფონდის" გამგეობის ერთ-ერთი წევრი გიორგი ფრუიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის კუთვნილი კომპანიების “მედია ჯორჯიასა” და “ჯორჯიან მედია კომპანის” დირექტორიც. ეს უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ფლობდა ტელეკომპანიების “რუსთავი 2-ისა” და “მზის” 40 %-იან წილებს.
ჟურნალი “ტაბულა” 2010 წლის 15 მარტიდან ფუნქციონირებს. “სულ მალე ტაბულა საზოგადოებას ტელევიზიის მეშვეობითაც მიაწვდის აქტუალურ ინფორმაციასა და ანალიზს. "ტაბულას" ძირითადი მისია იყო და დღემდე რჩება, პოლიტიკური პლურალიზმის და თავისუფალი ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა. ის გამოცდილება, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში დაგვიგროვდა, ტელევიზიის მეშვეობითაც გაგრძელდება,” - ვკითხულობთ დღეს ჟურნალის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში.