ირაკლი ოქრუაშვილი და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ პროკურატურის შუამდგომლობით მიიღო. ბრალდების მხარის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ოქრუაშვილისა და სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა. გარდა ამისა, ოქრუაშვილი და გიგუაშვილი გირაოს აღარ გადაიხდიან.
დღევანდელ პროცესზე ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხა. მისი თქმით, ზაზა ბეთლემაძის გარდა ყველა ბრალდებულთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ისინი მისი ნებართვის გარეშე არაფერს გააკეთებდნენ. ხოლო თუ რამის გაკეთებას გადაწყვეტდნენ, საქმის კურსში ჩააყენებდნენ მას.
მისი თქმით, იარაღიც მათი რომ ყოფილიყო, რაღაც რომ მართლა დაეგეგმათ და რუსეთიდან 200 სპეცრაზმელი რომ შემოეყვანათ, ეს სისხლისღვრით დამთავრდებოდა და ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვებოდა. სწორედ ამის გამო არ გადადგამდა ის ამ ნაბიჯს: "ამის მერე მე საქართველოში როგორ უნდა მეცხოვრა?!"
ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მას 10-ზე მეტი ასმეთაურის გადაბირება შეეძლო, შესაბამისად, რამე რომ დაეგეგმა, მათ დაუკავშირდებოდა და არა მასთან ერთად ბრალდებულ შვიდ პირს. მისი თქმით, ბრალდებულებს ამის რესურსი არ ჰქონდათ.
ოქრუაშვილის განცხადებით, იგი საქართველოში ჩამოსვლას 2008 წლის აგვისტოს ომი დროს, 2009 წლის მაისსა და 2011 წელს გეგმავდა: "დაბრუნების ბევრი ვერსია მქონდა, მაგრამ რადგან ინტერპოლით ძებნილი ვიყავი, ყველაზე კარგი გამოსავალი კერძო თვითმფრინავით ჩამოსვლა იყო. ვიქირავებდი თვითმფრინავს ბაქოს მიმართულებით. პილოტის დახმარებით იგი სხვა სახელიტა და გვარით ავიდოდა თვითმფრინავში. საქართველოში კი პილოტი ავარიულ დაშვებას მოითხოვდა. იმ მიზეზით, რომ თვითმფრინავი შესაძლოა თბილისის აეროპორტამდე აფეთქებულიყო, დაშვებას სენაკის აეროპორტში მოვითხოვდით. ეს პირები კი მხოლოდ იმაში დამეხმარებოდნენ, რომ იქიდან პირდაპირ აქციაზე მივსულიყავი,"- განაცხადა ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე.
მისი განცხადებით, თვითმფრინავი ნამდვილად დაიქირავა, მაგრამ აღარ გამოუყენებია. მისი თქმით, საქართველოში ჩამსვლა იმიტომ ვერ მოახერხა, რომ მისსა და ოპზიციურ ლიდერებს შორის პოლიტიკური შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მას 20 ტონამდე საბრძოლო მასალის მოტანა შეეძლო, თუკი საჭირო იქნებოდა. შესაბამისად, იმ უხარისხო იარაღს არ გადმოიტანდნენ, რასაც მტკიცებულებად იყენებენ.
რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის გავლით საქართველოში შემოსვლას, ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს შეუძლებელი იყო, რადგან ბევრი მტერი ჰყავდა იქ.
ირაკლი ოქრუაშვილმა 2007 წელს საქართველოდან მისი წასვლის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2007 წლის 30 ოქტომბერს მასთან სახლში ვაკის საპასპორტოს უფროსი მიიყვანეს და მისთვის ახალი პასპორტი გამოაწერინეს. 31 ოქტომბერს კი 30-მა კაცმა მიიყვანა საფრანგეთის საელჩოში. მისი თქმით, დაკავების შემდეგ 10 მლნ ლარის ოდენობის გირაო არც მას და არც მის მეგობრებს არ გადაუხდიათ: "ქვეყნის დატოვების პირობა იყო ის, რომ 2 წელი საქართველოში არ დავბრუნებულიყავი და სრული დუმილი დამეცვა. ჩემი მხრიდან დუმილის ნაწილობრივმა დარღვევამ არმკვეთი ღონისძიების დამძიმება გამოიწვია,"- განაცხადა ოქრუაშვილმა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ოქრუაშვილის კიდევ ერთი პროცესი გაიმართა. საქმე სამსახურეობრივ გულგრილობას ეხება. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი უხარისხო ვაზნების შეძენაში ედება. აღნიშნულ პროცესზე სასამართლომ კვლავ ოქრუაშვილს მოუსმინა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრომ ვაზნების შესყიდვის თაობაზე მართლაც გააფორმა ხელშეკრულება. ამ პროცესში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული, თუმცა ოქრუაშვილის განცხადებით, მასთან შეთანხმების გარეშე ვერაფერს გააკეთებდნენ.
მისი თქმით, ტყვიების ხარისხის შემოწმება ვიზუალურად და გასროლის დროს ხდებოდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ვაზნების შემოწმების შემდეგ არცერთი ჯარისკაცისგან არ მიუღია პრეტენზია, რომ ისინი უხარისხო იყო. ხოლო როცა მესამე პარტია შემოიტანეს, ის უკვე აღარ იყო თავდაცვის მინისტრი: "ეს კომპანია 50%-ს წინასწარ ითხოვდა, ხოლო 50% ვაზნების ბოლომდე ცაბარებისას უნდა გადაგვეხადა. ჩემი მისისტრობის დროს თანხა გადახდილი არ იყო და არც მესამე პარტია იყო შემისული, შესაბამისად, ზარალის დათვლა შეუძლებელი იყო,"- განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისი თქმით, ტყვიების შეძენის კონტრაქტი 2005 წელს დაიდო და 2006 წელს შეტანილი ცვლილებებით ვაზნებზე ფასი გაიზარდა. ამ დროს იქ უკვე აღარ იყო თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.
ოქრუაშვილის თქმით, მისი თავდაცვის მინისტრობისას უხარისხო იარაღი და ტყვია-წამალი ხშირად შეუსყიდიათ. მაგრამ მთავარი ის კი არაა, როგორი იქნება იგი, მთავარია, როგორ რეაგირებას მოახდენს სამინისტრო აღნიშნულ ფაქტზე. როცა სამინისტროდან უხარისხო ტყვია-წამლის შეძენას შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყოლოდა, ოქრუაშვილი უკვე აღარ იყო თავდაცვის მინისტრი.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა. შემდეგი სასამართლო პროცესი 24 იანვრისთვისაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში 2012 წლის 20 ნოემბერს დაბრუნდა. იგი საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს.