ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელმა დავით საყვარელიძემ თანამდებობა დატოვა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, საყვარელიძის ამ თანამდებობაზე მუშაობის ცხრა წელი ნაყოფიერი იყო. თუმცა ყველაფერი განახლებას მოითხოვს და თეატრის დირექტორის შეცვლაც დღის წესრიგში დადგა.
მინისტრის განცხადებით, მას საყვარელიძესთან ხშირი საუბრები ჰქონდა და ბოლოს იმ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა: “ ჩვენ შევთავაზეთ სამხატვრო თეატრის ხელმძღვანელობა, მაგრამ უარი განაცხადა.”
გურამ ოდიშარიას ინფორმაციით, ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელის ვინაობა შემდეგი კვირის სამშაბათს გახდება ცნობილი. მინისტრის თქმით, ამ თანამდებობაზე ბევრი ადამიანი განიხილება, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის დირიჟორი გიორგი ჟორდანია.
მინისტრის განცხადებით, ოპერისა და ბალეტის თეარტის შენობის რემონტი წლის ბოლოს დასრულდება და ვისაც თეატრის განვითარების უკეთესი წინადადება ექნება, ის დაიკავებს ამ თანამდებობას.