Twitter-ის 250 ათასი მომხმარებელი ჰაკერულ თავდასხმას ემსხვერპლა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სოციალური ქსელის წინააღმდეგ უკიდურესად რთული და პროფესიონალების მიერ კარგად დაგეგმილი შეტევა განხორციელდა.
Twitter-ის მომხმარებლების პირად ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომის მცდელობები სისტემამ დააფიქსირა, ყველა მათგანის პაროლი ავტომატურად დაბლოკა და მომხდარის შესახებ მომხმარებლებს აცნობა. იმ მონაცემებს შორის, რომლებიც ჰაკერების ხელში აღმოჩნდა, ელექტრონული ფოსტის მისამართები და დაშიფრული პაროლებიც მოხვდა. სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, რომ შეტევა მიმართული იყო მომხმარებლების კონკრეტულ ჯგუფზე, კერძოდ კი Twitter-ის ყველაზე „სტაჟიან“ იუზერებზე, რომელთა შორის კომპანიის მფლობელები, ტოპ მენეჯმენტის წევრები, ინვესტორები და თანამშრომლებიც იყვნენ.
„ეს თავდასხმა ცალსახად საკმაოდ მაღალი დონის და გამოცდილი ჰაკერების მიერაა ორგანიზებული. შეტევა იყო რთული და ჩვენ პრაქტიკულად დარწმუნებულები ვართ, რომ თავდასხმის სამიზნეები სხვა ორგანიზაციებიც იყვნენ“-აცხადებს Twitter-ის ინფორმაციული უსაფრთხოების დირექტორი რობერტ ლორდი. ის ასევე დასძენს, რომ შეტევა ფიშინგის მეშვეობით, სხვადასხვა თაღლითური საიტების გავლით განხორციელდა.
ლორდი სოციალურ ქსელზე მომხდარ კიბერთავდასხმას რამდენიმე დღის წინ ამერიკული გამოცემების წინააღმდეგ მიმართულ კიბერშეტევებს უკავშირებს. ამავე კვირაში The New York Times-მა და The Wall Street Journal-მა ოფიციალურად გაცხადეს, რომ მიზანმიმართულ ჰაკერულ თავდახმას ემსხვერპლნენ. შეტევის მიზანს დახურული ინფორმაციის მიღება და იმ რეპორტიორების კომპიუტერებში შეღწევა წარმოადგენდა, რომლებიც ჩინეთის თემატიკაზე მუშაობენ.
Twitter-ის მომხმარებლებს კი, რომელთა ანგარიშებიც კიბერთავდასხმის შედეგად გატყდა, პაროლების შეცვლის თხოვნა და შესაბამისი ინსტრუქციები რესურსის ადმინისტრაციამ უკვე გაუგზავნა. სოციალური ქსელი მომხმარებლებს რთული პაროლების გამოყენებისკენ მოუწოდებს. უსაფრთხოების სპეციალისტები მათ ელექტრონული წერილების შემოწმებისას სიფრთხილის გამოჩენასაც ურჩევენ.