შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე წარუდგინა.
ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს ამ დრომდე ეკა ქავთარაძე იკავებდა, რომელიც ცენტრს ბოლო 6 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ამირან გამყრელიძის ბიოგრაფია
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი საქართველოში. მუშაობდა იმუნოლოგიის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, არის საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი, იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2001-2004 წლებში. მანამდე, 4 წლის მანძილზე, მუშაობდა ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა.
1995-1997 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე. იყო თსსუს კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში ალერგიულ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი. დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციამ საქართველოში მცხოვრები დიაბეტიანი ბავშვებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და დახმარებისთვის ამირან გამყრელიძე ასოციაციის ოქროს მედლით დააჯილდოვა.