
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართევლო” 2008-2009 წლებში ანაკლიაში განხორციელებული საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, პროკურატურის წარმომოადგენლების ზეწოლით მოქალაქე გოჩა ქარდავამ, გონელი ფუტკარაძემ და ზურაბ ჯიქიამ ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმეს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფომ შესაბამისი გადასახადისა და კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე თვითნებურად მიისაკუთრა რეზო ჯღერიას, მურთაზ შონიას და დავით სხულუხიას მიწის გარკვეული ნაწილი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ცნობით, ჩამორთმეულ ტერიტორიებზე მოგვიანებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გარკვეული ობიექტების მშენებლობა წამოიწყო.
“საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში,”- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი ანგარიში გამოაქვეყნა.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავარ პროკურატურას მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს: “მოვუწოდებთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მიიღოს სწრაფი ზომები მოქალაქეთა საკუთრებაზე შეზღუდული უფლების აღსადგენად.”
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამს და მზადაა დაზარალებულების მიერ მოწვდილი დოკუმენტები შესაბამის სტრუქტურებს გადასცეს.