დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ გრიპის H1N1 ტიპის ვირუსის გავრცელების ტენდენცია ჯერ კიდევ შეინიშნება.
“სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული ყოველკვირეული ინფორმაციით, ამ დროისთვის ყოველ 1000 მოქალაქეს შორის 300 გრიპის ვირუსის მატარებელია. ეს არის ჩვეულებრივი სეზონური მატება, რომელიც ზამთრის პერიოდში დამახასიათებელია" - აღნიშნა ზახაშვილმა.
მისივე განცხადებით, ასეთი ტიპის ვირუსს ყოფილი პანდემიური დაავადებები იწვევს და ის რამდენიმე კვირის განმავლობაში კიდევ გასტანს.
ექიმი-ინფექციონისტები გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წელს ღორის გრიპით სამი ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, 67 პაციენტს აღნიშნული გრიპი დაუდგინდა, ხოლო 6 პაციენტს - B ტიპის გრიპი.
"მთვარი რეკომენდაციაა, გრიპის სეზონური ვაქცინა, რომელიც პოლილინიკებშია ხელმისაწვდომი. სასურველია, რომ ყველამ გაიკეთოს, მაგრამ განსაკუთრებით რეკომენდებული ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, დიაბეტიანი პაციენტებისთვის, მცირეწლოვნებისთვის, ხანდაზმულებისთვის და ორსულებისთვისაა"- აღნიშნა ზახაშვილმა.
გარდა ამისა, გრიპით დაავადებული ადამიანის ოთახი ხშირად უნდა განიავდეს, ხოლო პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაავადებულმა ნიღაბი გამოიყენოს და ხელები ხშირად დაიბანოს.
გრიპის შემთხვევები კლებას მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.