
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა- "ადამიანის უფლებათა სახლმა" და “დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის” დირექტორმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა კობა ნადირაძემ პრესკონფერენცია გამართეს.
“ადამიანის უფლებათა სახლი” შშმ პირებისთვის საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობებისა და ტრანსპორტის ადაპტაციას ითხოვდა. თუმცა, 12 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა და უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2009 წელს კობა ნადირაძე მოძრაობის წესების ფაქტზე დააჯარიმეს, რომლის დროსაც პატრულმა მიუთითა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა, შემოწმებისას ეს ალკოტესტმა არ დაადასტურა. ნადირაძემ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მისი შემოწმების მიზნით მიაკითხა, მაგრამ შშმ პირებისთვის შენობის შეუსაბამობის გამო, მან შემოწმება ვერ ჩაიტარა. ნადირაძის თქმით, მან მძიმე სოციალური პირობების გამო, საბოლოოდ დაკისრებული ჯარიმა ვერ გადაიხადა, ამის გამო, მას საურავი დაერიცხა და მართვის მოწმობის გარეშე დარჩა.
უფლებათა დარღვევის ფაქტის გასაჩივრების შემდეგ, კობა ნადირაძემ სასამართლო პროცესზე შენობის არაადაპტირებულობის გამო, დარბაზამდე მისვლა და სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხა. თუმცა, მაშინ დაჰპირდნენ, რომ მეორე პროცესი პირველ სართულზე ჩატარდებოდა.
“ჩემმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოში შშმ პირებისთვის არა მარტო სასამართლო, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემა სრულიად მიუწვდომელია. ეს მხოლოდ ერთია იმ მრავალ პრობლემეთაგან, რომლებსაც ყოველდღიურად შშმ პირები ვაწყდებით”- აღნიშნა ნადირაძემ.
ამასთან დაკავშირებით, 21 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა საერთო სასამართლოებს რეკომენდაციით მიმართა და ურჩია, რომ უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების გატარება, რათა სასამართლო (მათ შორის სასამართლო სხდომის დარბაზები) ფიზიკურად ხელმისაწვდომი გახდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
აღნიშნული პრობლემის მოგვარებამდე, სასამართლო სხდომების ჩატარებისას გათვალისწინებული იყოს ზემოაღნიშნული გარემოება და სასამართლო სხდომები გაიმართოს იმ დარბაზებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მხარეთა) დასწრება.
სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, კობა ნადირაძის სარჩელის საფუძველზე გამართულ სასამართლო სხდომაზე შშმ პირებმა დასწრება ვერ შეძლეს.
"იმის მიუხედავად, რომ სასამართლო შენობის სართულებზე გადაადგილება შესაძლებელია ლიფტის საშუალებით, სხდომის დარბაზში მოხვედრის მიზნით, დამატებით კიბის უჯრედით სარგებლობაა საჭირო. აღნიშნულ მონაკვეთზე მობილობის შეზღუდვის მქონე პირისათვის დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლებელია.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად კი, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ აღნიშნული დებულება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა სასამართლო ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის”- ეწერა ომბუდსმენის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა სასამართლომ არ გაითვალისწინა და ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობასთან და კონვენციებთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო.
კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებსაქართველოს კანონი მიზნად ისახავს, რომ შშმ პირებს შექმნათ ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.
ასევე, აღნიშნული კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საცხოვრებელი შენობებითა და სოციალური ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებით სარგებლობას ითვალისწინებს.
მე-8 მუხლის მიხედვით კი, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების და პროექტების მშენებლობისას, უნდა მოხდეს შშმ პირთა მოთხოვნილებების გათვალისწინება.
ადამიანის უფლებათა სახლი მიმართავს თბილისის მერიას, მხედველობაში მიიღოს ზემოაღნიშნული გარემოებები და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. კერძოდ, ქალაქის რეკონსტრუქციის პროცესში შშმ პირთა საჭიროებები იყოს გათვალისწონებული. ასევე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხდეს გარემოს, კონკრეტულად ტრანსპორტის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საავადმყოფოების, ბანკების, აფთიაქების, სავაჭრო ცენტრების და სხვ. ობიექტების ადაპტირება.
პრესკონფერენციაზე შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ სასამართლოს მიერ კობა ნადირაძის საქმეზე გამოტანილ უარყოფით გადაწყვეტილებას შესაბამის ინსტანციაში გაასაჩივრებენ.