15 თებერვლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სკოლის საატესტატო გამოცდები ჩატარდება. სკოლებმა გამოცდების ჩატარება 4+4 მოდელით არჩიეს. მათ, ვინც ბარიერს ვერ გადალახავს, გამოცდის განმეორებით ჩაბარების შესაძლებლობა ექნება. გამოცდების პირველი ნაწილი 2013 წლის 15 თებერვლიდან პირველი მარტის, ხოლო მეორე, 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით გაიმართება. მოსწავლეებს გამოცდების პირველ ნაწილში - ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის, ხოლო მეორე ნაწილში - ქართულ ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, მათემატიკის და უცხო ენას ჩაბარება მოუწევთ. ტესტები მარტივიდან რთულისკენ არის შედგენილი. გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში 5.5 ქულით განისაზღვრა.
მე-11 საჯარო სკოლაში საატესტატო გამოცდები დღეს ბიოლოგიაში ჩატარდება, როგორც სკოლის დირექტორმა ლიბერალს განუცხადა, სკოლის პედაგოგებმა გამოცდებისთვის ტესტების მომზადება დროულად შეძლეს და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.
მე-2 საჯარო სკოლაში ამ წუთებში გამოცდა ქიმიის საგანში მიმდინარეობს, მომდევნო დღეებში ფიზიკა ბიოლოგია და გეოგრაფიაში ჩატარდება.
მესამე საჯარო სკოლაში რვა საატესტატო გამოცდა ერთად მაისში გაიმართება. სკოლის დირექტორის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პედსაბჭომ მოსწავლეებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
2012-2013 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამების დამტკიცების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება, რომელიც 2013 წლის 12 თებერვალს არის ხელმოწერილი, სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნული პროგრამა სკოლებს სამიოდე კვირის წინ დაეგზავნათ, რომელზე დაყრდნობითაც სკოლის პედაგოგებმა ტესტები მოამზადეს.
წელს, გამონაკლისის სახით, საატესტატო გამოცდების ჩატარება სკოლებს დაევალათ. გადაწყვეტილება გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო. მიმდინარე წლის სექტემბრიდან კი, საატესტატო გამოცდებს კვლავ გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს.