14 წლის ჟანა 7 წლიდან ქუჩაში ცხოვრობს და მუშაობს."დედაჩემი და მამინაცვალი მაიძულებდნენ ქუჩაში მათხოვრობას. როდესაც დედას ვუთხარი, რომ აღარ მინდოდა ამის გაკეთება, დედამ დამარტყა. მამინაცვალი მთხოვდა, რომ მთელი ფული მისთვის მიმეტანა, რადგან სასმელისა და სიგარეტისთვის სჭირდებოდა." - ყვება ჟანა.
ამჟამად ჟანა გლდანის კრიზისულ ცენტრში ცხოვრობს და ოჯახში დაბრუნებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. ბუნდოვან მომავალს ეჭვის თვალით უყურებს: "რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ჩემნაირ გოგონას. არ მჯერა მომავლის."
ჟანას ისტორია დიდად არ განსხვავდება ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების ისტორიებისგან. უმეტესი მათგანი იქ ოჯახური ძალადობისა და სიღარიბის გამო ხვდება. 2008 წელს ორგანიზაცია "Save The Children"-ის კვლევის მიხედვით საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში 1500-მდე ქუჩის ბავშვი დაითვალეს. მათი პრობლემის გადაჭრას ყველაზე მეტად მათი აღურიცხავობა და დოკუმენტაციის არარსებობა უშლის ხელს. დოკუმენტაცია, ხშირ შემთხვევაში, არათუ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვს, არამედ მთელს მის ოჯახს არ აქვს, ისინი იურიდიულად არ არსებობენ.
დოკუმენტაციის არ არსებობის გამო ეს ბავშვები ბავშვთა ზრუნვის რეფორმის მიღმა დარჩნენ და მათი პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფოს სისტემური მიდგომა არც არასდროს განუხორციელებია. ერთადერთი ადგილი სადაც ბავშვებს ქუჩიდან დოკუმენტაციების გარეშე იღებენ გლდანის კრიზის ცენტრია.
2008 წელს გაეროს ბავშვთა კომიტეტის ორმოცდამერვე სხდომაზე საქართველოს, როგორც ბავშვთა უფლების დაცვის კონვენციის ხელმომწერს, მდგომარეობის გამოსასწორებლად რეკომენდაციები მისცეს.
"ჩაატაროს კომპლექსური კვლევა ქვეყანაში ქუჩის ბავშვების მასშტაბის, ბუნებისა და მიზეზების შესაფასებლად, რათა ჩამოაყალიბოს პრევენციის ეროვნული სტრატეგია", - აღნიშნულია კომიტეტის ანგარიშში. ეს რეკომენდაციები დღემდე შეუსრულებელია.
დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საშა გრაუმანმა ახალი პროგრამა: "ვიზრუნოთ ყველა დაუცველ ბავშვზე საქართველოში", წარმოადგინეს.
პროგრამას ევროკავშირი 750 000 ევროთი, ხოლო გაეროს ბავშვთა ფონდი 100 000 ევროთი დააფინანსებს და ორ წელს გაგრძელდება. პირველ წელს პროექტი თბილისში განხორციელდება, მეორე წელს ბათუმსა და ქუთაისში. პროექტის ფარგლებში ოთხი მობილური ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფში სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები და თანატოლ-განმათლებლები შევლენ, რომლებიც სამ ქალაქში ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებს ინდივიდუალურად შეაფასებენ. დაარსდება ოთხი დღის ცენტრი, რომლებიც ბავშვებისათვის ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გარდა განათლების სისტემაში მათ ინტეგრირებაზე იზრუნებს. დღის ცენტრების გარდა ამუშავდება სამი 24 საათიანი თავშესაფარი, რომელთა მიზანი ბავშვების ქუჩისგან განრიდება და ნორმალურ ცხოვრებასთან ადაპტაცია იქნება. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მამუკა მაჭავარიანის თქმით, პროექტის ფარგლებში დოკუმენტაციის მოწესრიგებისთვის შესაბამისი ჯგუფი იმუშავებს.
პროექტით დაგეგმილი მომსახურება დაახლოებით 700 ბავშვზე იქნება გათვლილი.
"სიღარიბე კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება და, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ეს იწვევს ქუჩაში ბავშვების გასვლას. საქართველოში 77 000 ბავშვი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, რომლებიც დღეში მხოლოდ 2 ლარს მოიხმარენ. ოჯახური ძალადობა, ნარკოტიკის ან ალკოჰოლის მოხმარება, ასევე დისფუნქციური ოჯახები ბავშვის ქუჩაში გასვლის მნიშვნელოვანი მიზეზებია. ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს არ აქვთ დოკუმენტები, არ იღებენ განათლებას, არ მიუწვდებათ ხელი სამედიცინო მომსახურებაზე და ასეთი ბავშვები ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვეპლები ხდებიან. არც ერთი ბავშვი არ უნდა ცხოვრობდეს ქუჩაში." - ამბობს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საშა გრაუმანი.
პროექტის განხორციელებაში საქართველოს სხვადასხვა სამინისტრო და ქუჩის ბავშვების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას.