გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ლილოს ნაგავსაყრელის მშენებლობის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა და წინასწარ დადგენილი მთელი რიგი პირობები არ შესრულებულა.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების სამმართველოს ინსპექტორების მიერ ქალაქ თბილისის მერიის მიმართ საქართველოს სამართალდარღვევათა ადმინისტრაციული კოდექსის 79-ე მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.
შეგახსენებთ, დაახლოებით 1 თვის წინ სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობა დასახლებასთან ახლომდებარე ნაგავსაყრელ “პოლიგონის” დახურვას მოითხოვდა.
რამდენიმედღიანი პიკეტირების შემდეგ, რომლის დროსაც მოსახლეობამ ნაგავსაყრელში შესასვლელი გზა გადაკეტა, მერია დათანხმდა და ობიეტზე გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექტორები შევიდნენ.
მოსახლეობა მაშინვე აცხადებდა, რომ ნაგავსაყრელი ცუდად დააპროექტეს, ნაგვიდან გამონადენი წყალი სპეციალური მილების საშუალებით რამდენიმე გუბეში იყრის თავს, რის შედეგადაც სოფელი იწამლება.