ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოს პარლამენტს ოფიციალური მოწვევის საფუძველზე სტუმრობდა. შეხვედრა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მართალია, რიჩარდ ნორლანდს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მასპინძლობდა, მაგრამ მისი ვიზიტი მხოლოდ კომიტეტზე წარდგენილი ანგარიშით არ შემოფარგლულა.
ელჩი, ორიოდე საათით ადრე, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა გაიმართებოდა, ჯერ უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდა. ლიდერებთან შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, ელჩის ვიზიტი ორი თვით ადრე დაიგეგმა და ის დაკავშირებული არ არის პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან. „ისინი აკვირდებიან პროცესს და ბუნებრივია, აინტერესებთ ყველაფერი კოსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამერიკა არ ერევა პროცესში, მხოლოდ აკვირდება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის საშინაო საკითხია.“
პარლამენტში საკმაოდ დაძაბულ და რთულ ვითარებაში სტუმრობა თავად ელჩმაც შემთხვევითობით ახსნა და განაცხადა: „ დღეს პარლამენტი იწყებს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილების განხილვას; ეს, აშკარად, გახლავთ საქართველოს შიდა პოლიტიკური განსჯის საგანი. რამდენადაც პრესიდან ვიცნობ ვითარებას, აღვნიშნავ, რომ ორივე მხარე თანხმდება შინაარსზე, მაგრამ, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ პროცესში, თითოეული მხარე ცდილობს, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს მისი ამომრჩევლის ინტერესები და ამას ვხედავთ ჩვენ.“
რიჩარდ ნორლანდის ოფიციალური ვიზიტის ძირითად თემად ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საქართველოს სტრატეგიული ქვეყნისა და საქართველოს შორის მომავალი თანამშრომლობა დასახელდა. „ ჩემი ძირითადი გზავნილი დღეს გახლდათ ის, რომ აშშ-ის თანამშრომლობა საქართველოსთან გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ძალა არის ხელისუფლებაში საქართველოში თუ ამერიკაში. ჩვენი ხედვით, რასაკვირველია, მიმდინარე საუბრები და დებატები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. საქართველოს ჰყავს ძლიერი მთავრობა ძლიერი საარჩევნო მანდატით, ჰყავს კომპეტენტური პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და მედია, რაც არის დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი” - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
„ეს ძალიან კარგი შეხვედრაა, ფორმატი არის ძალიან კარგი“ - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი. მისივე თქმით, საჭირო არის გაგრძელდეს ამერიკის თანამონაწილეობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით - „ ახალი ხელისუფლების პირობებში კიდევ მეტად უნდა იყო ეს ჩართულობა, რომ ნაკლები შეცდომები დაუშვას ახალმა ხელისუფლებამ - სწორად მიიღოს ის კრიტიკა, რომელიც ზოგადად არსებობს, იქნება ეს საკონსტიტუციო საკითხები, სასამართლოს თუ მედიის თავისუფლება. ელჩის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას პოლიტიკურ სპექტრთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. “
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც კომიტეტის სხდომაზე დაისვა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებია. ამ თემასთან დაკავშირებით რიჩარდ ნორლანდმა, ჩვენთან საუბრისას, აღნიშნა: „ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ვერ ხედავს წინააღმდეგობას საქართველოს ჰქონდეს კარგი ურთიერთობები, როგორც რუსეთთან, ასევე ამერიკასთან. ჩვენთვის მისაღებია საქართველოს ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ, ამ ურთიერთობებისას, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იყოს სუვერენული მთლიანობის თემა, რასაც ამერიკა უჭერს მხარს. “
რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პარლამენტი, ჯერ კიდევ მაშინ დატოვა, როდესაც ორ პოლიტიკურ ძალას შორის მოლაპარაკების პროცესი, საკმაოდ დაძაბულ ფაზაში მიმდინარეობდა. რიჩარლდ ნორლანდმა მკაფიოდ განაცხადა; „ჩვენი გზავნილია, რომ საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული სვლა, მხოლოდ კომპრომისებსა და განსჯის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებზე.“
იმ დღეს საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კომპრომისი შედგა - საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს.