Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია "თბილავიამშენის" ყოფილ მფობელებს მის დაბრუნებაში დაეხმარება

22 მარტი, 2013 16:50

სს “თამ თბილავიამშენის” ყოფილ აუქციონერთა განმარტებითა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან მესაკუთრეთა მიმართ მთელი რიგი უკანონო ქმედებები განხორციელდა, რომელთა უმეტესობა აშკარად დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საიას განცხადებით, ის სს “თამ თბილავიამშენის” ყოფილ აუქციონერებსა და შპს “თბილავიამშენის” ყოფილ პარტნიორებს საადვოკატო დახმარებას უწევს. აღნიშნულმა პირებმა 2004 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოსგან სს “თამ თბილავიამშენის” აქციათა 99% შეიძინეს, რაშიც 67 მლნ აშშ დოლარის ექვივალეტი ლარში გადაიხადეს.

საიას განცხადებით, 2010 წელს განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების შედეგად მესაკუთრეები იძულებულები გახდნენ, თავიანთი ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ: “უკანონოდ მიღებული ქონება დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაშია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა,”- აღნიშნულია საიას განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, საქმე აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ:

“2012 წლის 19 ივნისს საწარმოში შევიდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოამდგენლები და სასამართლო ბრძანების საფუძველზე ამოიღეს კომპანიის საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია და კომპიუტერის პროცესორები. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ამოღების ოქმები არ შედგენილა და აღნიშნული დოკუმენტაცია მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნეს, რაც აუქციონერებმა ქონება სახელმწიფოს “აჩუქეს”.

2010 წლის 26 ივნისს, შაბათ დღეს კომპანიის დირექტორი და ყველაზე მსხვილი პარტნიორი პანტიკო თორდია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს, სადაც მას ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება წარუდგინეს. მასზე რამდენიმე საათის განმავლობაში ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ხოლოს ბოლოს საწარმოს სახელმწიფოსთვის ჩუქება მოსთხოვეს. თორდია იძულებული გახდა, ამ მოთხოვნას დასთანხმებოდა, რის შემდეგაც ბრალდებულის სახით მისი პასუხისგებაში მიცემის დადგენილებას რაიმე სახის სამართლებრივი გაგრძელება არ მოჰყოლია. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სინამდვილეში გამოძიების დაწყების ერთადერთი მიზანი დაპატიმრების შიშით თორდიას იძულება იყო, რათა ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა.

ამავე დროს პრობლემა შეექმნათ სხვა აუქციონერებსაც. საჯარო რეესტრი თვეების განმავლობაში გაუგებარი მოტივით საკუთრების უფლების დამადასტურებელ ამონაწერსაც კი არ გასცემდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ამონაწერის გაცემას კანონი საჯარო რეესტრს ერთი დღის ვადაში აკისრებს. მას შემდეგ, რაც ამონაწერის აღება სახელმწიფოს ინტერესი გახდა, რათა წილის დათმობაზე სანოტარო აქტი მომზადებულიყო, საჯარო რეესტრმა ამონაწერი ხუთ წუთში, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოამზადა არასამუშაო - კვირად დღეს. იმავე დღეს შპს-ს დანარჩენ პარტნიორებს წილის უსასყიდლოდ დათმობის გარიგებაზე მოაწერინეს ხელი. ხოლო მომდევნო დღეებში სახელმწიფოს სასარგებლოდ “ქველმოქმედების” სურვილი 24 აუქციონერს ასევე ჯგუფურად “გაუჩნდა”  და მათ თავიანთი საკუთრება უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს,”- აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

საიას თქმით, გაჩუქებული კომპანია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საწარმოდ ითვლება. ვიდრე ის სახელმწიფოს საკუთრება გახდებოდა, მან ტექნიკური პოტენციალი შეინარჩუნა და მის მიერ გამოშვებულ პროდუქციას ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებლებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

საიას განცხადებით, ბოლო წლებში საკუთრების უფლებების დარღვევამ მასიური ხასიათი მიიღო: “შემაშფოთებელია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის სასარგებლოს ჩუქების დაახლოებით 9600 შემთხვევა დაფიქსირდა. კიდევ უფრო მეტია სხვადასხვა ადმინისტრაციული თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად არღვევდნენ საკუთრების უფლებას.”

საიას განცხადებით, ეს მასშტაბური პრობლემაა  და საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ამ მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად ხელისუფლება ეფექტურ და გონივრულ ზომებს მიიღებს. ეს კი ბიზნესკლიმატსა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს.

საია მიიჩნევს, რომ ზოგადი მდგომარეობის გამოსწორება კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღების გარეშე ვერ მოხდება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სს “თბილავიამშენის” შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია იმის, თუ რა მეთოდებით მოქმედებდა სახელმწიფო მესაკუთრეთა წინააღმდეგ: “დღეს არის უკანონობის გამოსწორების მარტივი  შესაძლებლობა - ქონება ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია და მოცემულ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა შეიძლება სპეციალური კომისიებისა და ყოველგვარი სხვა დამატებითი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენების გარეშე. საჭიროა მხოლოდდამხოლოდ ხელისუფლების კეთილი ნება, რაც გვჯერა, რომ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში ქონების დაბრუნება სამართლებრივი თვალსაზრისით ისეთივე მარტივია, როგორც ეს შპს “ტელეიმედის” შემთხვევაში მოხდა.

საიას განცახდებით, ის  ადვოკატები  შპს “თბილავიამშენის” ყოფილ მესაკუთრეებს საადვოკატო დახმარებას გაუწევენ და ქონების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ: “იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას და სურვილს წინა ხელისუფლების პირობებში პირთა უკანონოდ შელახული უფლებებისა და სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს, რაც არაერთხელ საჯაროდ იქნა გაცხადებული, გვაქვს მოლოდინი, რომ ეკონომიკის სამინისტრო სწორ პოზიციას დაიჭერს, ხოლო სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილბას, დააკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას და მოსარჩელეებს შელახულ უფლებებს აღუდგენს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^