Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით შიდა კანონმდებლობა დასახვეწია"

03 აპრილი, 2013 15:48

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სათანადო საცხოვრებელზე იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გამართა.

კვლევაში აღნიშნული საკითხის სამართლებრივი ანალიზი და სასამართლო პრაქტიკის ძირითადი ტენდენციებია წარმოდგენილი. მასში განხილულია, თუ რამდენად ასრულებს სახელმწიფო თავის ვალდებულებას იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში, რამდენადაა დახვეწილი კანონმდებლობა ამ კუთხით და როგორი იყო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები. კვლევის თანახმად, შიდა კანონდებლობაში არსებული ხარვეზები სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას.

საიას ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრები 270 000 იძულებით გადაადგილებული პირიდან საცხოვრებელი ფართი 83 559 პირმა მიიღო, ხოლო ფულადი ანაზღაურება - 12 229 პირმა. სახელმწიფომ მათზე ზრუნვისა და მათი შესაბამისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება აიღო, მაგრამ მათი დიდი ნაწილი კვლავ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გარეშე რჩება.

“სათანადო საცხოვრებლის უფლების აღიარება სახელმწიფოს ვალდებულებას აკისრებს, განახორციელოს ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს აღიარებული უფლებების რეალიზება ყველა სათანადო საშუალებით, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე,”- აღნიშნულია საიას კვლევაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თქმით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის უფლების აღიარების მიუხედავად, ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში ის სტანდარტები არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, რასაც სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს.

რაც შეეხება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საამართლო პრაქტიკას, ანალიზის თანახმად, საქმის განხილვისას სასამართლო არასრულყოფილად განმარტავდა სამართლებრივ ნორმებს, სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზნებსა და ამოცანებს. გარდა ამისა, სასამართლო პირის ინდივიდუალურ თავისუფლებასა და მის დაუცველობას არასათანადოდ აფასებდა: “საცხოვრებლით დაკმყოფილების შესაძლებლობა დაასაბუთა იმ საფუძვლით, რომ მოქმედი კანომდებლობა არ არეგულირებდა დევნილთათვის პროგრამის ფარგლებში უკვე გადაცემული საცხოვრებელი ფართის შემდგომში შეცვლის შესაძლებლობას. მსგავსი ფორმალისტური მიდგომის პრევენციის მიზნით, აუცილებელია ეროვნული კანონმდებლობა დაიხვეწოს და ჰარმონიაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც სახელმწიფო ორგანოებს და მათ შორის, სასამართლოს არ დაუტოვებს შესაძლებლობას, კანონი არასათანადოდ, დევნილთა ინტერესების საზიანოდ განმარტოს.”

კვლევაში ასახულია ერთ-ერთი იძულებით გადაადილებული პირის შესახებ, რომელიც ადასტურებდა, რომ იყო დევნილი, ჰქონდა მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მიენიჭა. იგი ადასტურებდა, რომ 2012 წლის აგვისტომდე თბილისში, ე.წ. “ზავკოს” შენობაში ცხოვრობდა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პერიოდულად მკურნალობდა. განსახლების პერიოდისთვის იგი ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე იმყოფებოდა და მუდმივი ამბულატორიული ზედამხედველობის ქვეშ იყო.

იგი 2010 წლის აგვისტოში “ზავკოს” შენობიდან გამოასახლეს და ფოცხო-ეწერში დაასახლეს. აღნიშნული პირი სასამართლოში დაობდა მისი საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შეუსაბამისობის გამო. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ სხელმწიფომ მისი განსახლებისას განსაკუთრებული საჭიროებები არ გაითვალისწინა და ისეთ ადგილას განასახლა, სადაც უწყვეტი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა შეუწყდა, რადგან ფოცხო-ეწერში შესაბამისი სამედიცინო პუნქტი არ იყო.

საიას იურისტის განცხადებით, ეს არაადამიანური მოპყრობის ტოლფასია. საიამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. გარდა ამისა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართეს და მიიღეს პირობა, რომ აღნიშნული პირი შესაბამისი საცხოვრებელი ფართით 2013 წელს დაკმაყოფილდება.

საიას კვლევაში საუბარია იმაზეც, თუ რამდენად იცავს კანონმდებლობა იძულებით გადაადგილებულ პირებს დაუსაბუთებელი გამოსახლებისგან. ანგარიშის თანახმად, ეროვნულ კანონმდებლობაში მოცემული გარანტიები, რომელმაც დევნილები დაუსაბუთებელი გამოასხლებისგან უნდა დაიცვას, შეზღუდულია. სასამართლო დევნილთა გამოსახლების მიზანშეწონილობას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შეფასებით ხსნის. გამოსახლებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტის გასაჩივრების არსებული მექანიზმი არაეფექტურია. გარდა ამისა, პოლიციის მეშვეობით  იძულებით გამოსახლების კანონმდებლობით გათვალისიწნებული პროცედურა საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება: “არ არის განსაზღვრული წინასწარი კონსულტაციებისა და ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, კლიმატური პირობების გათვალისიწნებით გამოსახლების პროცესის რეგულირების წესი, გაფრთხილების ჩაბარების შემდგომ, უშუალოდ გამოსხლების პროცედურების დაწყებამდე, არ არის დადგენილი გონივრული ვადა და სხვა.”

იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით შიდა მექანიზმის დახვეწის კუთხით საიას შემდეგი რეკომენდაციები აქვს: შიდა ნორმატიულ აქტებში  სათანადო საცხოვრებლის ყველა კრიტერიუმი აისახოს და დევნილთა განსახლებისას მათი ინტეგრაციის ადგილი და განსაკუთრებული საჭიროებები უნდა იქნას გათვალისწინებული.

“არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად აუცილებელია, რომ კანონმდებლობით დარეგულირდეს გამოსახლების იმგვარი პროცედურები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. მათ შორის, პოლიციის გაფრთხილების ჩაბარებიდან პირის უშუალო გამოსახლებამდე განისაზღვროს გონივრული ვადა.”

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^