სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა მშობლები დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სახელმწიფოს ახალ პროგრამას აპროტესტებდნენ.
პროგრამა, რომელიც 28 მარტს დამტკიცდა, დღის ცენტრების დაფინანსების წინა წლისგან განსხვავებულ წესს გულისხმობს. კერძოდ, ის ბენეფიციარები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან და 100 000 ქულაზე ნაკლები აქვთ, სახელმწიფოსგან 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ. ხოლო ის, ვისაც 100 000 ქულაზე მეტი ექნება - 75%-იანს.
სწორედ ეს გახდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის პროეტსტის საგანი.
აქციის მონაწილე ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, თუკი სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი ქუჩაში გამოვლენ და ბავშვებს ეტლებით გამოიყვანენ.
აქციაზე მისული მშობლების უმრავლესობა სპეციალური საჭიროების მქონე პირთა სტატუსისა და სიღატაკის ერთმანეთისგან გამიჯვნას ითხოვდა: “უბრალო ცნობაც კი ვერ ამიღია ფულის გარეშე, რადგან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ ვარ. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ შშმ პირებს თავისი სახელი დაერქვას და სიღარიბეს არ მიაკედლონ,”- განაცხადა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა მშობელმა.
მშობელთა განცხადებით, მათ უმრავლესობას ისე უჭირს, რომ სახელმწიფოს მხრიდან 75%-იანი თანადაფინანსების შემთხვევაში დარჩენილი 25%-ის გადახდას ვერ შეძლებენ: “ეძლევათ 70-ლარიანი დახმარება. მე ბავშვის მდგომარეობის გამო უმუშევარი ვარ, ჩემს მეუღლეს კი დროებითი სამუშაო აქვს. 60 ლარს დღის ცენტრში ვერ გადავიხდი, მაგის გარდა იმდენი თანხა სჭირდება ბავშვს,”- განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის “ვიმეგობროთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან” წარმომადგენელი გიორგი ჯვარშეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს სისტემური პრობლემაა და ის, რომ წინა პროგრამა უარესი იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლანდელი პროგრამა კარგია: “თანადაფინანსების შემთხვევაში მშობელს თანხის გადახდა არ შეუძლია. ეს პროგრამა ყოველგვარი კვლევისა და მშობლებთან კონსულტაციის გარეშე შეიქმნა. გამოსავალი არის ის, რომ სექტემბრამდე ყველა მათგანს სტატუსი გაუგრძელდეს,”- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია მიიჩნევს, რომ სამინისტორს ახალი პროგრამა წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან წინა პროგრამით სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ნაწილი 100%-ს, ნაწილი 90%-ს, ნაწილი კი 75%-იან თანადაფინანსებას იღებდა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელბიც საერთოდ ვერ იღებდნენ დაფინანსებას. ახლა კი ნებისმიერი 100 000 ქულაზე მეტის მქონე შშმ ბავშვი 75%-იან დაფინანსებას მიიღებს: “ჩვენ მიგვაჩნია, რომ წინა მიდგომა უსამართლო იყო. ჩვენი პროგრამა კი სამართლიანია,”- განაცხადა კაკაჩიამ.
მისი განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური პრობლემა არსებობს, რადგან რეგიონული საბჭოები ვერ ჩატარდა. იგი ამ თვეში ჩატარდება და ვაუჩერები ხელახლა გაიცემა.