
თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი "გეზი პარკში" შეკრებილი დემონსტრანტების წარმომადგენლებს შეხვდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ერდოღანმა გადაჭარბებული ძალის გამოყენებისთვის პოლიციის დასჯის პირობა დადო. მან ასევე თანხმობა განაცხადა რეფერენდუმის ჩატარებაზე, რომლის გამართვამდეც "გეზი პარკის" რეკონსტრუქციის პროექტი შეჩერდება.
დემონსტრანტებთან შეხვედრა ერდოღანმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც "ბოლო გაფრთხილების" შემდეგ, მათ ხელისუფლების მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვეს.
თურქეთის ქალაქებში მასობრივი აქციები, რომლის დროსაც პოლიცია თითქმის ყოველდღე არბევდა მომიტინგეებს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, მაისის ბოლოს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავებულია 5 ათასამდე ადამიანი.