დღეიდან, თბილისის ყაზბეგის გამზირის N16-ში, სადაც ინფექციური, შიდსის და სეფსისის ცენტრები მდებარეობს, ავადმყოფები დაცვის სპეციალური შემოწმება-დაკითხვის გარეშე ვერ შევლენ.
ტრაფარეტი ჭიშკარზე: „1 ივლისიდან აკრძალულია ტერიტორიაზე შესვლა გარდა ბრძანებით გათვალისწინებული პირებისა“ „ავერსი–ფარმამ“ გააკრა და პაციენტებს თუ სხვა ვიზიტორებს მის იურიდიულ საკუთრებაში შესვლას უზღუდავს.
თენგიზ ცერცვაძე, სააქციო საზოგადოება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ტერიტორიის მფლობელის მიერ ამგვარი შეზღუდვა იქ მომუშავე მედიკოსებისთვის მიუღებელია.
თბილისში, ყაზბეგის გამზირის N16-ში მდებარე სამედიცინო დაწესებულებები ერთადერთი ადგილებია, სადაც შიდსის, წითელის, ჯილეხის თუ სხვა საშიში ვირუსის მატარებელი ადამიანები ირიცხებიან, სტაციონარში მკურნალობენ და პერიოდულ შემოწმებებზე დადიან.
ამიტომ, თენგიზ ცერცვაძის თქმით, არაეთიკურია, რომ სხვადასხვა ვირუსების მატარებელ პაციენტებს მოვთხოვოთ, ჭიშკართან მდგომ დაცვას მოუყვეს, რა სჭირს, რომელ ექიმთან მიდის, რამდენი ხნით დარჩება კლინიკის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ.
ცერცვაძის თქმით, შეზღუდვა ორივე ტიპის პაციენტებზე მოდის: მათზე, ვინც აღრიცხულები არიან და მათზეც, ვინც პირველად მივიდა.
„ჩვენთან ორი ტიპის ავადმყოფი მოდის: ისინი, ვინც ჩვენთან დიდი ხანია აღრიცხვაზეა, დაბარებულია და მოდის. მეორე ტიპის, ვინც არაა დაბარებული, ანუ რისკის ჯგუფის პირია, რომელსაც შესაძლოა, სხვაგან დაუდგინდა რამე ინფექციური დაავადება, მათ შორის, შიდსის ვირუსი და პირველად მოდის ჩვენთან ინფორმაციის გადასამოწმებლად“.
„შესაბამისად, ავადმყოფი, ვინც თვითდინებით მიდის და ექიმმა არ იცის, რომ ის მოდის, მაინც უნდა თქვას დაცვასთან, ვისთან მიდის, რატომ მიდის, რამდენი ხნით მიდის, ექიმმა კი დაცვას უნდა დაუდასტუროს ელფოსტით, რომ ის მზადაა დაუბარებელი ავადმყოფი მიიღოს“.
„ეს პრაქტიკულად მიუღებელია: ძალიან მკაცრი შეზღუდვაა. მით უმეტეს, ავადმყოფები არ იტყვიან, რატომ მიდიან, ვისთან მიდიან, განსაკუთრებით ადამიანი, რომელსაც შიდსის ვირუსი აქვს, ამას არ გააცხადებს. დიდი ალბათობით, ასეთი ავადმყოფები უკან გაბრუნდებიან. ძალიან ბევრ პაციენტს უხარია, როცა შემოსასვლელთან რამე ბარიერს ხედავს – წავა. ბევრს არ ესმის ავადმყოფობის საფრთხე.
ავადმყოფების კონფიდენციალურობას კი იცავს როგორც საერთაშორისო კონვენცია, ასევე ქართული კანონმდებლობა,“ – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
იგივე შეზღუდვები აქვს ყაზბეგის გამზირის N16-ში მდებარე მეორე კლინიკას, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრსაც. ამას ადასტურებს კლინიკის დირექტორი, ომარ ქუტიძე.
„ჩვენ თვითონ პაციენტების შესვლას არ ვკრძალავთ “, – ამბობს ლალი ბრეგვაძე, „ავერსი–ფარმას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. – „რაც შეეხება ავადმყოფობის სახელების და გვარების და ავადმყოფობის მიზეზების გამოკითხვას – ჩემთვის მსგავის რამ უცნობია. არა მგონია, ასეთი რამ ხდებოდეს. რაც შეეხება პაციენტების მნახველებს: დღეს გავაკრავთ ზუსტ დროს, როდის იქნება შესაძლებელი მათი შესვლა ტერიტორიაზე.“
შპს „ავერსი–ფარმამ“ ტერიტორია, სადაც დღეს თბილისის ორი დიდი კლინიკა: სააქციო საზოგადოება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი და შპს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრები ფუნქციონირებენ, 2009 წლის 25 დეკემბერს, აუქციონზე, 12 250 000 აშშ დოლარად შეიძინა.
უფრო ზუსტად, ამ აუქციონზე „ავერსი–ფარმამ“ 58 175 კვადრადული მეტრი მიწის ნაკვეთი და 18 შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ინფექციურის, შიდსის და სეფსისი ცენტრის შენობები) იყიდა. თვითონ კლინიკები, როგორც იურიდიული პირები, მას არ შეუძენია და ისინი ჯერ კიდევ სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება.
კლინიკების პროფილის დროებით შენარჩუნების მიზნით, აუქციონის ოქმის თანახმად, „ავერსს“ დაევალა, რომ ორი წელი კლინიკებს პროფილურ მუშაობაში ხელს არ შეუშლიდა.
სამი წლის გასვლის შემდეგ, „ავერსმა“ კლინიკის დირექტორებს არაერთი ოფიციალური წერილი გაუგზავნა და საკუთარი ტერიტორიების დაცლა სთხოვა. ალტერნატიული ფართის უქონლობის გამო კლიკინებმა სხვაგან გადასვლა ჯერ ვერ მოახერხეს.
1 ივლისიდან ავერსმა ავადმყოფების და მნახველებზე შემოსვლის შეზდუდვა დაიწყო.
მანამდე კი, დაახლოებით ორი თვის წინ, კლინიკის ყველა ტოპ-მენეჯერს და სხვა თანამშრომლებს ეზოში მანქანის საშვის გარეშე შესვლა აეკრძალა.
„თუ ვინმე მანქანით შემოვა, მანქანას გარეთ ატოვებინებენ“, – ამბობს სეფსისის ცენტრის დირექტორი ომარ ქუტიძე.
„ავერსი ულტიმატუმის ენით გველაპარაკება: გვითხრა, 1 ივლისამდე შენობას თუ არ დაცლით, სახურავს ავხდითო“, – ამბობს მანანა ლომიძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მე–5 განყოფილების გამგე.
შიდსის ცენტში ამჟამად დაახლოებით 60 პაციენტი მკურნალობს სტაციონარულად, სეფსისის ცენტრში კი – 18. გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე შედის არაერთი არაგეგმური, დაუბარებელი პაციენტი და მათი მნახველები.
ამ ტერიტორიის პრივატიზების თემაზე დეტალურ გამოძიებას ‘ლიბერალი’ მომდევნო დღეებში შემოგთავზებთ.