რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯის ფაქტი მოსკოვში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა.
საინფორმაციო სააგენტო „RIA Novosti“-ის ცნობით, მოქალაქეების შეკრება 18 ივლისის საღამოს დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ხალხის ტალღა მანეჟის მოედნისკენ დაიძრა, პოლიციამ აქციის მონაწილეთა ნაწილი ფიზიკური ძალის გამოყენებით ტერიტორიას მოაცილა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურის ცნობით, მოსკოვში გამართულ არასანქცირებულ აქციას 2 500-მდე ადამიანი ესწრებოდა.
„RIA Novosti“-ის ცნობით, პოლიცია აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისა და მოძრაობის ბლოკირების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.
„BBC“-ის რუსულენოვანი გამოცემის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად 18 ივლისს, მოსკოვში გამართულ აქციაზე პოლიციამ 209 ადამიანი დააკავა.
ოპოზიციონერი ბლოგერის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია რუსეთის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის სანკტ-პეტერბურგშიც გაიმართა, სადაც სამართალდამცავებმა აქციის 30-მდე მონაწილე დააკავეს.