
დღეს, 20:00 საათზე ანაკლიის "მომავლის ბანაკს" მოსწავლეების პირველი ნაკადი ესტუმრა. ბანაკის ოფიციალურ გახსნას მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე ( ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი) დაესწრებიან.
ბანაკის ტერიტორიაზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, გაიწმინდა ტერიტორია და მოწესრიგდა საცხოვრებელი და საკვები ობიექტები.
პროგრამის ბენეფიციარები საქართველოს რეგიონებიდან 14-18 წლამდე ასაკის მოზარდები არიან. ბანაკს 7 ნაკადი ესტუმრება, საერთო ჯამში 2000 ადამიანზე მეტი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მასშტაბით თითოეული სკოლიდან შეირჩა ერთი მოსწავლე. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს და მათ შორის სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს.
პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, ტოლერანტობის, არჩევნების და საქართველოს ისტორიის შესახებ.
მონაწილეთა მართვას, პროგრამულ აქტივობებში ჩართულობასა და დისციპლინის დაცვას ბანაკის ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ ლიდერები.