Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რესტორანი სარეკრეაციო ადგილის ნაცვლად

01 იანვარი, 1970 4:00


ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბისკენ მიმავალი გზის მიმდებარედ, ე.წ. ციყვების ტერიტორიაზე შემოღობილ მიწის ნაკვეთზე მერიის თანამშრომლებმა ამ დილით ნერგების ამოღება დაიწყეს. დოკუმენტების თანახმად, ტერიტორია გაყიდულია და იქ კვების ობიექტის მშენებლობა იგეგმება. 

ტერიტორიის გასხვისების საქმეში კორუფციის ნიშნებზე მიუთითებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე. მისი თქმით, მთლიანად კუს ტბის ფერდობი ლანდშაფტურ-სარეკრეციო ზონას მიეკუთვნება და ეს სტატუსი ყველაზე მაღალი დაცვის სტანდარტს გულისხმობს, სადაც ტყისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის გარდა, სხვა მშენებლობა დაშვებული არ არის.

“2011 წელს მერიამ ეს ტერიტორია, 2500 კვ.მ გამოყო და დაარეგისტრირა როგორც ცალკე მიწის ნაკვეთი. რამდენიმე დღის შემდეგ კი აუქციონზე გაიტანა, თანაც ისეთი პირობებით, რომ ჩანდა, სავარაუდოდ რომელიღაც ერთი ფირმის ინტერესებზე იყო მორგებული. აუქციონის პირობებში ჩაიწერა, რომ აქ უნდა აშენებულიყო რესტორანი, აუცილებლად ორსართულიანი და აუცილებლად საბანკეტო დარბაზით. აუქციონში მხოლოდ ერთი ფირმა - შპს “ოტიუმი” მონაწილეობდა. რომელიც მაშინ დეპუტატ არჩილ გეგენავას კუთვნილ “M ჯგუფს” ეკუთვნოდა. ნაკვეთი M ჯგუფმა 650 000 დოლარად შეიძინა. მოგვიანებით კი მფლობელი სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია EASTWEST HOLDING LTD გახდა,” - ამბობს ურუშაძე.

თბილისის მერის 2012 წლის 22 მარტის განკარგულებით, ამ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი კვების ობიექტის განთავსების მიზნით, სპეციალური ზონალური შეთანხმება გაიცა.

“მოგვიანებით კი ამ ტერიტორიას სტატუსი დაუქვეითეს, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის ნაცვლად, ნაკვეთს რზ3 - რეკრეაციული ზონა 3-ის სტატუსი მიენიჭა, რომელშიც უკვე შეიძლება მშენებლობა მერიის ნებართვით და ეს ნებართვაც მისცეს. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი კუს ტბის გზაზე, ყველაზე მეტი ხალხი აქ სეირნობს, აქ ვარჯიშობენ. მერიაში შეიძლება ჰგონიათ, რომ რეკრეაცია რესტორანში ყოფნაა, მაგრამ ასე არ არის. დაიკარგება ძალიან კარგიი დასასვენებელი ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დადის,” - აცხადებს ერეკლე ურუშაძე.

მისივე განმარტებით, პრივატიზაციის პროცესით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს “უსაფრთხო სივრცის” თავმჯდომარე ანა გაბრიაძეც. მისი თქმით, საბოლოოდ გამოძიება უნდა დაინტერესდეს თბილისში სარეკრეაციო ზონების, მიწების უკანოანოდ გასხვისების ფაქტებით.

“რეკრეაციული ზონა 3-ის სტატუსი, ფაქტობრივად, ხალხის მოტყუებაა, რადგან ინტენსიური მშენებლობის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ეს შემთხვევა მაინც აღმაშფოთებელია, ჩვენ ვიკვლიეთ ოთხი სარეკრეაციო ზონის ტერიტორიული  ცვლილებები, მაგრამ ეს დანაშაული დღემდე გრძელდება და პროკურატურა ამ საქმეებით არ ინტერესდება. ვაკის პარკის ტერიტორიაზე ახლაც იგეგმება უკანონო მშენებლობა, ტაბიძის ქუჩის მხრიდან 500 მეტრის სიგრძეზე პარკში კორპუსი უნდა შეიჭრას, ეს კი არავის აღელვებს,” - აცხადებს გაბრიაძე.  

ერეკლე ურუშაძის აზრით, ასეთ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების აქტიურობაა. “ძალიან ბევრი ადამიანია შეწუხებული და მოქალაქეებმა როგორმე უნდა გადავარჩინოთ ეს და სხვა სარეკრეაციო ადგილები.”

ნატა ფერაძე, თბილისში ე.წ. პარტიზან მებაღეებს წარმოადგენს. მისი თქმით, გასაგებია, რომ ინფრასტრუქტურა იზრდება და მშენებლობები საჭიროა, მაგრამ ის რაც კეთდება, არაპროფესიონალურადაა დაგეგმილი. “ასეთ ადგილას მშენებლობა დაუშვებელია, ეს ნიშნავს, რომ ზედა ნაწილიდან ვაკეში ჰაერი კიდევ უფრო ნაკლებად უნდა ჩავიდეს, ამაზე იფიქრა ვინმემ?”

ლევან კალანდარიშვილი სპორტსმენია, რომელიც ამ ადგილას სისტემატურად ვარჯიშობს. “ბოლო დროს სულ აქ ვვარჯიშობთ. ქალაქში  და აქაც თითქმის აღარ დარჩა სავარჯიშოდ სხვა ადგილი. ძალიან უცბად გაჩნდა ეს ღობეც, პრაქტიკულად, ორ დღეში შემოღობეს, ამბობენ რესტორანი შენდებაო, ფაქტია, რომ აქაც ვეღარ შევძლებთ ვარჯიშს,” - ამბობს სსპორტსმენი.  

გამწვანების სამსახურის თანამშრომლები შემოღობილ ტერიტორიაზე ნერგებს ხელით იღებდნენ.  შეკრებილ ადამიანებს განუმარტეს, რომ სპეციალური მანქანის შესვლა ტერიტორიაზე ვერ ხერხდება, თუმცა, მისი საშუალებით ნერგების ამოღება უფრო უსაფრთხოდ მოხდებოდა და მათი გადარჩენის ალბათობაც მეტი იქნებოდა. როგორც თანამშრომლები ამბობენ, ამოღებული ნერგები მაღლივის ტერიტორიაზე უნდა გადაირგას.

მოგვიანებით შეკრებილებმა პოლიცია გამოიძახეს, პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, მშენებლობა კანონიერია, თუმცა, მათ ოქმი მაინც შეადგინეს, იმის მითითებით, რომ ნერგების ამოღება უსაფრთხოდ არ ხდებოდა, მუშაობა კი შეჩერდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტიზანი მებაღეები და სხვები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ადგილზე სპეციალური მორიგეობა დააწესონ, რომ დანარჩენი ხეებისა და ბუჩქების მალულად ამოღება არ მოხდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^