სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტს მეოთხე კომპონენტი - ლიზინგი დაემატება.
ლიზინგი საწარმო დანადგარების, მანქანების, მოწყობილობების გრძელვადიან იჯარას გულისხმობს.
სამინისტროში ამბობენ, რომ ლიზინგი შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტის მესამე კომპონენტის პირობებით გაიცემა. ლიზინგის შემთხვევაში დამატებითი უზრუნველყოფა საჭირო არ არის. დანადგარები ან ტექნოლოგიური ხაზები, რასაც მეწარმეები ამ თანხით შეიძენენ, თვითონ იქნება უზრუნველყოფის საგანი.
მესამე კომპონენტი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების დაფინანსებას გულისხმობს. ეს გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტია, არაუმეტეს 1 მილიონი ლარისა, საშუალოდ წლიური 3 პროცენტით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 26 ივლისის მდგომარეობით, მესამე კომპონენტში 128 ბენეფიციარზე 15.8 მილიონი დოლარის მოცულობის სესხია გაცემული.