საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება და ინფორმაციის დაზუსტებას და ჩასწორებას ითხოვს.
“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მხოლოდ შემაჯამებელი სტატისტიკის მიწოდებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი ილიადისმა სამინისტროდან პირადად წაიღო CD დისკზე ჩაწერილი სრული ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში უწყებაში გატარებული საკადრო პოლიტიკის შესახებ, რაც დასტურდება სამინისტროს კანცელარიაში არსებული მისივე ხელმოწერით. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია მოიცავდა თითოეული სსიპ-ის შესახებ ცალკე ფაილს. ფაილში კი პირის მიერ დაწერილ განცხადებასთან ერთად შეტანილი იყო ყველა ბრძანება და ხელშეკრულება. ამავე დოკუმენტებში მითითებული იყო ის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესაბამისადაც განხორციელდა გათავისუფლება,-‘’ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
რაც შეეხება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გათავისუფლებულ პირებს, სამინისტროს ინფორმაციით, 53 გათავისუფლებულიდან: 2 – გათავისუფლდა კანონში არსებული პირდაპირი მოთხოვნის გათვალისწინებით; 9 – გაუვიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, რომელიც კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან იყო დაკავშირებული; 2 – იმავე სტრუქტურაში გადავიდა უფრო მაღალ თანამდებობაზე; 2 – გადავიდა უწყების სისტემაში არსებულ შპს-სა და სსიპ-ში; 1 – გავიდა პენსიაზე; 2 – შტატის შემცირების გამო გათავისუფლდა; 2 – ყოფილი მინისტრის ხელმოწერით გათავისუფლდა; დანარჩენი 33 პირი ასევე საკუთარი განცხადებით.
გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გადაცემულ ოფიციალურ დოკუმენტაციას სამინისტრომ დაურთო კონკრეტულ პირთა განცხადებებიც, სადაც ისინი სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პენსიაზე გასვლისა თუ შორეულ ნაოსნობაში წასვლის გამო ითხოვენ გათავისუფლებას.
“როგორც ჩანს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციას სათანადოდ არ განუხილავს, შესაბამისად, კვლევაც არ შეიძლება იყოს ზუსტი. წინა წლების სტატისტიკასთან შედარებისთვის, ცენტრალური აპარატის მაგალითზე: 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე – 11 პირი გათავისუფლდა; 2011 წლის 20 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 მარტამდე – 13; 2010 წლის 20 ოქტომბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე – 21 პირი. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები სმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 5 მოადგილიდან 4 აღნიშნულ თანამდებობაზე წინა მთავრობის პერიოდშიც მუშაობდა და ხელისუფლების ცვლილება მათ არ შეხებიათ. ამიტომ, საუბარი ჩვენი სამინისტროდან პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლების შესახებ დაუშვებლად მიგვაჩნია," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევაში, რომელიც საჯარო დაწესებულებებში 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 1 მარტამდე პერიოდში გატარებულ საკადრო ცვლილებებს ეხება, ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან 53 მოხელე გაათავისუფლეს, მათგან 31–მა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევა საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ პირისპირ და ტელეფონით ჩატარებულ ინტერვიუებს და მასმედიით გავრცელებული ცალკეული შემთხვევების ანალიზს ეფუძნება. შესაბამისად, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განმარტებით, რომელიც მან გუშინ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გააკეთა, მისთვის მიუღებელია სამინისტროების შეფასებები ინფორმაციის უზუსტობასთან დაკავშირებით.