დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე უარი თქვა,- აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას 272 მხარმდაჭერი და 285 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ფილიპ ჰემონდის განცხადებით, მათი მთავარი მოკავშირე ვაშინგტონი იმედგაცრუებული იქნება: "თუმცა, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ბრიტანეთის უარი სამხედრო შეტევაში მონაწილეობაზე, შეაჩერებს სირიის წინააღმდეგ რაიმე ქმედებას", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
აშშ კი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის გარეშეც მზადაა სირიაში საბრძოლველად, თუმცა ლონდონთან კონსულტაციები მაინც გრძელდება.
"სირიაში სამხედრო ინტერვენციის გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტი ბარაქ ობამა აშშ-ის ინტერესებით იხელმძღვანელებს. ქვეყნებმა, რომლებიც ქიმიური იარაღის გამოყენების საერთაშორისო ნორმებს არღვევენ, პასუხი უნდა აგონ", - აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლის ელიოტ ენგელის განცხადებით, სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების თაობაზე ბარაკ ობამა კონსულტაციებს აგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე უარს ნატო-ს წევრი 12 ქვეყანაც აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე გადაწყვეტილებას გაერო-ს უშიშროების საბჭო არ მიიღებს.
21 აგვისტოს სირიაში განხორციელებული შეტევის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამის დასამტკიცებლად დამასკოში გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფი ჩავიდა. გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე საბოლოო დასკვნას შაბათს გამოაქვეყნებს.