საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დოკუმენტი ცხინვალსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს.
მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც საგარეო უწყებამ რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ სახელმწიფო საზღვრის შესახებ დოკუმენტის გაფორმებაზე შეიტყო, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
"ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა. შესაბამისად, ამ დოკუმენტს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ბათილად იქნება ცნობილი",- ამბობს ზალკალიანი.
საინფორმაციო სააგენტო „ИТАР-ТАСС“-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკასთან შეთანხმების მიღწევა დაავალა.
შეთანხმება რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის კავკასიონის მთავარ ქედზე გამავალ სახელმწიფო საზღვრის ხაზს განსაზღვრავს. აღნიშნული ხაზი აღნიშნულია ხელშეკრულებაში ჩართულ ტოპოგრაფიულ რუკაზეც.
რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გამავალი საზღვრის სიგრძე 74 კმ-ია. რუსეთი და არაღიარებული რესპუბლიკა ერთმანეთს ორი საავტომობილო გზით - როკის გვირაბითა და მამისონის უღელტეხილის გავლით - ოსური სამხედრო გზით უკავშირდებიან.