
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს მოუწოდებს, რომ ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულონ.
2012 წელს ადმინისტრაციულ კოდექსში მიღებული ცვლილებების თანახმად, 2013 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში საჯარო ინფორმაცია პროაქტიურად უნდა გამოქვეყნდეს და საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოიპოვებოდეს. კანონის მიხედვით, 2013 წლის 1-ელ სექტემბრამდე შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები უნდა მიეღოთ.
IDFI-ს ინფორმაციით, ეს აქტები არ მიიღეს ისეთმა ორგანოებმა, როგორებიც არიან: საქართველოს პარლამენტი, სასამართლოები, აჭარის და აფხაზეთის ა/რ მთავრობები და უზენაესი საბჭოები, თვითმმართველობები და თვითმმართველი ქალაქები, მარეგულირებელი კომისიები, ეროვნული ბანკი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და სხვა.
ამასთან იმ ორგანოებმა, რომლებმაც ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების წესები თავად განსაზღვრეს, სტანტარდი მნიშვნელოვნად შეკვეცეს და სახე შეუცვალეს.
მაგ: თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებაში სრულად იგნორირებულია ფინანსური გამჭვირვალობის საკითხები, პრეზიდენტის ბრძანებულებაში არ მოხვდა სარეზერვო ფონდების განკარგვის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება და სხვა. ამავე დროს, ერთმანეთისაგან ხშირად განსხვავდება საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის წესებიც.
IDFI საჯარო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს მოუწოდებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების წესი, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი სასწრაფოდ დაამტკიცონ.