გორის რაიონის სოფელი დიცი 17 სექტემბერს მთელი ქვეყნის ყურადღების ეპიცენტრში უკვე მესამედ მოექცა. რუსმა სამხედროებმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გავლებისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება კიდევ ერთხელ განაახლეს და სოფლის სასაფლაოსთან შეწყვეტილი რკინის ბადეების გავლება განაგრძეს.
ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მცხოვრები ილია ბერუაშვილი რუსი სამხედროების მიერ სამუშაოების განახლების პროცესს უშუალოდ შეესწრო - „რუსებთან მივედი, ვუთხარი ნუ ღობავთ მეთქი, მაგრამ ვიღაც რობერტ გაზაევი მოვიდა, მგონი საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი უნდა იყოს და მითხრა, ეს სასაფლაოც ჩვენია და ბაღებიც, მიცვალებულები ამოიღეთ და წაიღეთო“.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ადგილობრივები რუს სამხედროებთან და რობერტ გაზაევთან ე.წ. საზღვრის გავლების სამუშაოების განახლების შემდეგ დავობდნენ, სოფლის სასაფლაომდე მისასვლელი გზა იყო. შესაძლებელი იყო, რომ მოსახლეობას სასაფლაომდე მისასვლელი გზა აღარ ჰქონოდა.
ოსურ მხარესთან მოსალაპარაკებლად საქართველოს შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩავიდნენ, შეხვედრის შემდეგ კი უწყების წარმომადგენელმა, კახა ქემოკლიძე განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები სამუშაოებს არ შეაჩერებდნენ, ხოლო პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო დიპლომატიურ გზებს გამოიყენებს.
სამუშაოების განახლებიდან მეორე დღეს, 18 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეორგოლში, დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, რობერტ გაზაევი ირწმუნებოდა, რომ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრთან მდებარე სასაფლაომდე მისასვლელი გზა ადგილობრივთათვის თავისუფალი იყო.
საპირისპიროს ამტკიცებს ე.წ. ადმინსტრაციული საზღვრის მეზობლად მცხოვრები ილია ბერუაშვილი, რომელიც იხსენებს, რომ რობერტ გაზაევს, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სამუშაოების განახლების პირველ დღეს სწორედ სასაფლაოზე მისასვლელი გზის დატოვებას სთხოვდა.
„გზა ფაქტიურად დაკეტელია. პირველად სწორედ ეს ტერიტორია გადაკეტეს, შემდეგ კი 300 მეტრზე გააგრძელეს. საფლავებამდე მისვლა სხვა გზითაცაა შესაძლებელი, თუმცა ამისათვის კერძო ბაღებზე უნდა გადავიდე, ჯერ სხვის ბაღში შევიპარო, მერე იქიდან კიდევ სხვაში გადავიდე და როგორმე მივაღწიო“, - ამბობს ადგილობრივი.
მისივე თქმით, სამუშაოების განახლების შემდეგ ადგილზე ახალი საგუშაგო გაიხსნა, სადაც დღეისათვის ქართველი სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. ტერტორიაზე უცხოელი მონიტორებიც რეგულარულად მოძრაობენ, რუსი სამხედროები კი ბაღების დასაწყისში სხედან და პერიმეტრს დურბინდებით ზვერავენ.
დიცში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით, შეერთებული შტატების საელჩომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და მომხდარზე შეშფოთება გამოხატა. ამ ფაქტს ანალოგიურად გამოეხმაურა ჯეიმს აპატურაი, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც რუსი ჯარისკაცების მიერ ღობეების აღმართვის განახლებას „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის სამუშაოების განახლებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკასთან შეთანხმების მიღწევა დაავალა.
სოფელ დიცის გარშემო ხმაური პირველად 2013 წლის მაისის ბოლოს ატყდა, როდესაც, რუსმა სამხედროებმა ე.წ ადმინისტრაციული საზღვრის გავლების სამუშაოები დაიწყეს. მაშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაეგზავნებოდა, ხოლო პრემიერი ივანიშვილი ამბოდა, რომ სახელმწიფო დაეხმარებოდა დაზარალებულებს, ასევე მათ, ვისაც უფლებები შეეზღუდათ.
იმდროინდელ მოვლენებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რასაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსი სამხედროები აკეთებდნენ, ქვეყნის ხელისუფლების პირდაპირი მითითებით ხდებოდა, რადგან იქ ორმხრივი სახელმწიფო შეთანხმების თანახმად იმყოფებოდნენ.
ამ მოვლენებიდან თვენახევრის შემდეგ სოფელში რუსი მესაზღვრეები მეორედ გააქტიურდნენ და დაწყებული სამუშაოები განაახლეს, თუმცა მაშინ დიცსა და ერედვს შორის გამავალი საოკუპაციო ზოლი სოფლის სასაფლაოსათან შეჩერდა.