მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები, ერთი მხრივ, ცალკეული ჟურნალისტების უფლებების უხეში დარღვევა და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის ორგანოების არათანმიმდევრული პოლიტიკა, ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული მედიასაშუალების თავისუფლებას - ამის შესახებ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
საიას განცხადებაში წერია, რომ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხელშეკრულება 2013 წლის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს გათავისუფლების შესახებ წინასწარი გაფრთხილების შემცირებული ვადა და სამი კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული გათავისუფლების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, ნაცვლად ერთი თვის კომპენსაციისა, დასაქმებულს გადაუხადოს ორი თვის კომპენსაცია.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ჟურნალისტი წინასწარ არ იყო გაფრთხილებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არც ერთთვიანი და არც სამდღიანი ვადის დაცვით: "როგორც გათავისუფლების დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ მედიას განუცხადა, პირადად ესაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელმაც განუმარტა, რომ არ იგეგმებოდა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 17 სექტემბერს ეკა კვესიტაძე არ შეუშვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, რაც მისთვის მოულოდნელობა იყო. შესაბამისად, ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით"- წერია განცხადებაში.
საიას აზრით, კითხვებს ბადებს დავით პაიჭაძის შემთხვევაც. ახალი პირობების თანახმად ჟურნალისტი საზოგადოებრივ მაუწყებელში მხოლოდ რადიოგადაცემაზე გააგრძელებს მუშაობას. 2013 წლის 12 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გენერალური დირექტორის მოადგილემ ტელემაუწყებლობის დარგში, გოგა ჩართოლანმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდოდა პოლიტიკური თოქშოუ, რომელსაც 4 წამყვანი - ეკა ბერიძე, დავით პაიჭაძე, ეკა კვესიტაძე და ეკა მიშველაძე ეყოლებოდა.
საიას განცხადებაში წერია, რომ 17 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ რადიკალურად შეიცვალა პოზიცია და გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ მედიასთან გააკეთა განცხადება, რომ ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე მიუკერძოებლად ვერ წაიყვანდნენ გადაცემებს ,,პირველ არხზე“: “გაურკვეველია რამ გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციის ასეთი რადიკალური ცვლილება. მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და იმ ფაქტისა, რომ ამ საკითხებს ბოლო პერიოდში არ დაუკარგავთ აქტუალობა, მათ ირგვლივ ისევ არსებობს გაურკვევლობა და პასუხგაუცემელი კითხვები” - წერია განცხადებაში.