
დღეს, 30 სექტემბერს, სასტუმრო „Holiday In”-ში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნებზე უფლებამოსილი პირების მიერ ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრა დახურულ რეჟიმში წარიმართა. განხილვას მხოლოდ ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები, მედია ექსპერტები, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მინდა ყველას გთხოვოთ, რომ არ ვისაუბროთ კონკრეტული პირის ან კონკრეტული ჩართული მხარის ინტერესებიდან გამომდინარე და საკითხს შევხედოთ არა მედიის, არა არასამთავრობო ორგანიზაციების და არა საარჩევნო ადმინისტრაციების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ თვითონ საარჩევნო პროცესისა და ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინებით“ -განაცხადა ცესკოს თავჯდომარე თამარ ჟვანიამ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეკა ციმაკურიძე, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავდომარე ნათია კუპრაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ნინო ლომჯარია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მიღებული დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
ეკა ციმაკურიძე: „საია დადგენილების მიღებისთანავე მის გაუქმებას უჭერდა მხარს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და სცილდება სამართლებრივად დადგენილ ფარგლებს. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია წარმომადგენლების უმეტესობა მოითხოვს ამ დადგენილების გაუქმებას, თუმცა ცესკოს ყველა წევრი არ ეთანხმება ამ მოთხოვნას. შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ ცესკოს წევრები კიდევ ერთხელ განიხილავენ ამ საკითხს, მოამზადებენ ცვლილებების პროექტს და შემდეგ უკვე გვექნება ახალი ცვლილებების განხილვის საშუალება. ამის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდება კონკრეტულად როგორ დარეგულირდება აღნიშნული დადგენილება.“
ნინო ლომჯარია: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ხელოვნურად მიღებული დადგენილება, რომელიც უხეშად ერევა ჟურნალისტურ უფლებებში და იმაზე მეტად ზღუდავს მას, ვიდრე საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული. ერთადერთი რაც შეიძლება შეიზღუდოს არის კაბინაში ვიდეო გადაღება მაშინ, როდესაც ამომრჩეველი აძლევს ხმას. ვისაც აქვს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება, თავისთავად აქვს ვალდებულება, რომ არ შეუშალოს ხელი კომისიის მუშაობას. ეს ეხება როგორც ჟურნალისტებს, ასევე დამკვირვებლებსა და სხვა პირებს. ხელის შეშლა უნდა გამოიხატოს აქტიურ ქმედებაში. ხელის შეშლა არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაცას დისკომფორტს უქმნის ის ფაქტი, რომ ჟურნალისტი ვიდეოკამერით იღებს. გონივრული იქნება თუ საერთოდ გააუქმებს ამ დადგენილებას ცესკო. დღევანდელი დისკუსიის შედეგად კი გამოიკვეთა დადგენილების ყველაზე მიუღებელი ნორმები, ამიტომ ცესკო შემოგვთავაზებს კომპრომისულ ვარიანტს. ცესკოს სურს, რომ მიიღოს ისეთი დადგენილება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია წარმომადგენლებისთვისაც მისაღები იქნება.
ნათია კუპრაშვილი: „ჩემი აზრით, ეს დადგენილება ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, ის არ შეესაბამება კონსტიტუციას. კანონით არ არის დადგენილი თუ რა იგულისხმება „ხელის შეშლაში“. ამის დარეგულირება შესაძლებელია სხვა სამართლებრივი აქტით. თუმცა ცესკოს წარმომადგენლები ვერ ასახელებენ ვერცერთ ფაქტს, როცა ჟურნალისტმა ხელი შეუშალა საარჩევნო პროცესს.“
შეგახსენებთ, რომ ცესკომ ეს დადგენილება 2012 წლის 24 სექტემბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო.
დადგენილებას, რომელმაც მიღებისთანავე საზოგადოების უკმაყოფილება დაიმსახურა ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი ამგვარად აფასებს: „ეს არის რეგულაცია, რომელიც აწესებს წესრიგს საარჩევნო უბნებში. ის ხელს უწყობს იმას, რომ არჩევნების დღემ ჩაიაროს საერთაშორისო მაღალი სტანდარტების შესაბამისად. თუმცა კომისია ჩამოყალიბდება და იმსჯელებს იმ ნაბიჯებზე, რომლებმაც შესაძლოა ეს რეგულაცია უფრო პოზიტიურად შეფუთოს და გახადოს უფრო სასარგებლო როგორც საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, ასევე ამომრჩევლებისთვის.“