Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ონლაინ მედიაში საპრეზიდენტო კანდიდატთა საქმიანობა დაბალი სიხშირით შუქდება"

03 ოქტომბერი, 2013 19:12

დღეს, 3 ოქტომბერს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ოთხმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა.

პრეს კონფერენციაზე CRRC საქართველოს, ინტერნიუს-საქართველოს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების(ISFED) და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის(CDI) მედია მონიტორებმა საპრეზიდენტო კანდიდატების მიუკერძოებელი, დაბალანსებული და ანალიტიკური გაშუქების საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე განახლებული ვებგვერდი www.mediamonitor.ge წარადგინეს. ის ამიერიდან მომხმარებელს მონაცემების ანალიზისა და საკუთარი ანგარიშებისა და დიაგრამების შექმნისთვის მეტ შესაძლებლობებს მისცემს.

წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მიმდინარეობს 2013 წლის 15 მაისიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი აკვირდება საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას 40-მდე მედია საშუალებაში, მათ შორის ტელევიზიებში, რადიოში, გაზეთებსა და ინტერნეტ გამოცემებში.

სატელევიზიო არხების მონიტორინგზე პრეზენტაცია ქეთი ჩუბინიშვილმა(CRRC საქართველო) წარმოადგინა (15მაისი - 18 სექტემბერი, 2013).

მონიტორინგისთვის 7 ტელევიზია შეირჩა:

1. 1-ლი არხი (საზოგადოებრივი მაუწყებელი) (მოამბე 20:00)

2. რუსთავი-2 (კურიერი 21:00)

3. მაესტრო (ახალი ამბები 21:00)

4. იმედი (ქრონიკა 20:00)

5. კავკასია (დღეს 20:30)

6. მე-9 არხი (ახალი 9-ზე 21:00)

7. აჭარის ტელევიზია (დრო 20:30)

მე-9 არხის მაუწყებლობის შეწყვეტის შემდეგ მონიტორინგის ქვეშ მხოლოდ 6 ტელევიზიის საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები დარჩა.

ანგარიშის მიხედვით, მთელი მონიტორინგის განმავლობაში თითქმის ყველა არხზე შეინიშნებოდა ანალიტიკური სიუჟეტების სიმცირე.ხშირი იყო მშრალი და მხოლოდ ფაქტის გამოცემით შემოფარგლული სიუჟეტები. სექტემბერში ანალიტიკური და ვრცელი სიუჟეტების რაოდენობამ იმატა.

იყო შემთხვევები, როდესაც რომელიმე არხი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში რომელიმე ამბავს საერთოდ არ უშვებდა. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ამბავი სხვადასხვა არხზე სხვადასხვანაირად შუქდებოდა. ხშირად ეს კონკრეტული არხის სარედაქციო პოლიტიკაზე მიუთითებდა.

აღსანიშნავია, რომ ტელევიზიები მთავარ აქცენტს საპრეზიდენტო კანდიდატებზე არ აკეთებენ. არცერთ არხზე (აჭარის ტელევიზიის გარდა) საპრეზიდენტო კანდიდატები პირველ ხუთეულში არ არიან. დათმობილი დროის მიხედვით, 5 ძირითადი სუბიექტია: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მთავრობა, კოალიცია “ქართული ოცნება”, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.

ივლისიდან ყველა არხზე მეტ-ნაკლებად იმატა კონკრეტული სუბიექტების მიმართ დადებითი ტონის წილმა. ეს გარკვეულწილად უკავშირდება სხვადასხვა სუბიექტის ვრცელი გამოსვლებისა და განცხადებების გაშუქებას. აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით, საერთო ჯამში გამოკვეთილი პოლარიზება არხების უმეტესობაში არ შეინიშნებოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უმეტესწილად მიუკერძოებლად აშუქებდა თითქმის ყველა აქტუალურ თემას. მონიტორინგის დასაწყისში შეინიშნებოდა ანალიტიკური სიუჟეტების ნაკლებობა, თუმცა ივლისიდან ანალიზის წარმოდგენის შემთხვევებმა საკმაოდ იმატა.

მონიტორინგის დასაწყისში რუსთავი 2-ზე შეინიშნებოდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ნეიტრალურად წარმოჩენის მცდელობა. შემდეგ თვეებში სიტუაცია შეიცვალა - რუსთავი 2 პრეზიდენტისა და “ერთიან ნაციონალური მოძრაობის” დადებითად, ხოლო პრემიერ-მინისტრის უარყოფითი გაშუქებით გამოირჩეოდა.

კერძო არხებს შორის მაესტროზე ყველაზე ნაკლებად შეინიშნებოდა რომელიმე მხარისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, თუმცა წინა მთავრობისგან განსხვავებით, ახალი მთავრობის მიმართ ნაკლები კრიტიკა იყო წარმოდგენილი.

აჭარის ტელევიზიაზე თითქმის მთელი მონიტორინგის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვება ძირითად აქცენტს რეგიონის ადგილობრივ მოვლენებზე აკეთებდა. სექტემბერში იმატა ცენტრალური ამბების გაშუქება.

16 სექტემბრიდან ყველა არხმა ნელ-ნელა დაიწყო წინასაარჩევნო რეჟიმზე გადასვლა და საპრეზიდენტო კანდიდატების აქტიური გაშუქება.

ბეჭდური მედიის მონიტორინგზე პრეზენტაცია ნანა ტაბატაძემ (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED) წარადგინა (15 ივლისი - 15 სექტემბერი, 2013).

მონიტორინგისთვის 7გაზეთი შეირჩა:

1. რეზონანსი

2. 24 საათი

3. ალია

4. კვირის პალიტრა

5. ასავალ-დასავალი

6. ახალი თაობა

7. ახალი ვერსია

გაზეთებში ძირითადი აქცენტი არჩევნების მოახლოების მიუხედავად, მაინც პრეზიდენტზე, პრემიერსა და მთავრობაზე კეთდებოდა.

ყველაზე აქტიურად საპრეზიდენტო კანდიდატებიდან გიორგი მარგველაშვილი, დავით ბაქრაძე და ნინო ბურჯანაძე შუქდებოდნენ.

მკითხველს თითქმის არ მიეწოდებოდა ინფორმაცია კანდიდატების საარჩევნო პროგრამების შესახებ.

მონიტორინგის სუბიეტქტები ძირითადად ნეიტრალურ ტონში შუქდებოდნენ, თუმცა ცალკეულ გამოცემებში საკმაოდ მაღალი იყო ნეგატიური ტონი პრეზიდენტსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ.

ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება. არაეთიკური გამოთქმები და დისკრიმინაციული ლექსიკა გამოვლინდა “ასავალ-დასავალსა” და “ალიაში”. ანალიტიკური მასალის სიმწირე შეინიშნება გამოცემაში “24 საათი”. ფოტოთი მანიპულირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა გარდა “ასავალ-დასავალისა”.

დაბოლოს, ონლაინ მედიის მონიტორინგის შესახებ პრეზენტაცია გიორგი ჯოლოგუამ (სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი CDI) წარადგინა (15 ივნისი - 17 სექტემბერი, 2013).

მონიტორინგისთვის 12 ონლაინ გამოცემა შეირჩა:

1. Palitratv.ge

2. Droni.ge

3. Presa.ge

4. Kvirispalitra.ge

5. News.ge

6. For.ge

7. Netgazeti.ge

8. Liberali.ge

9. Politico.ge

10. Tabula.ge

11. Civil.ge

12. Dfwatch.ge

პირველი ათი ვებგვერდი top.ge-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით აირჩა. ხოლო civil.ge და dfwatch.ge სტატიების არა მარტო ქართულ ენაზე გამოქვეყნების გამო მოხვდნენ მონიტორინგის ქვეშ.

ონლაინ მედიაში საკმაოდ დაბალი სიხშირით შუქდება საპრეზიდენტო კანდიდატთა საქმიანობა. მათი გაშუქების სიხშირემ აგვისტო-სექტემბრის პერიოდში იმატა, მაგრამ ის მაინც ძალიან დაბალია მონიტორინგის სხვა სუბიექტებთან შედარებით.

ვებგვერდების უმეტესობა მეტ-ნაკლებად დაბალანსებულად აშუქებდა საპრეზიდენტო კანდიდატთა წინასაარჩევნო საქიანობას.

ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები სისტემატურად ირღვევა ვებ გვერდებზე droni.ge, for.ge და presa.ge. მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის აშკარა დისკრედიტაციის მცდელობა შეინიშნება droni.ge-სა და presa.ge-ზე. ინგლისურენოვან ვებგვერდებზე dfwatch.ge-სა და civil.ge-ზე წინა წელთან შედარებით იკლო კრიტიკულმა მიდგომამ საკითხების მიმართ.

ქართული ონლაინ მედიის ძირითად ხარვეზებს შორისაა გაშუქებული საკითხებისადმი ზედაპირული მიდგომა.

რაც შეეხება ვებგვერდ liberali.ge-ს, მონიტორინგის მიხედვით ბოლო პერიოდში შემცირდა ანალიტიკური მასალების რაოდენობა, თუმცა ეთიკის ნორმები კვლავ დაცულია და კანდიდატებიც დაბალანსებულად არიან გაშუქებულნი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მედია მონიტორინგი 2010 წლის მუნიციპალური არჩევნებიდან მიმდინარეობს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^