
დღეს, 3 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის ეზოში ხუდონჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ნახევარსაათიანი შეკრების შემდეგ სტუდენტები "კინოს სახლის" მიმართულებით გაემართნენ, სადაც ამ დროს ხუდონჰესის პროექტის უარყოფითი მხარეების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობდა.
შეხვედრას საქართველოს მწვანეთა მოძრაობის “დედამიწის მეგობრები” თავჯდომარე ნინო ჩხობაძე და მწერალი ნაირა გელაშვილი ესწრებოდნენ. დისკუსიას სტუდენტებიც შეუერთდნენ და საკუთარი აზრი გამოთქვეს.
ფოტოები: ბასტი მგალობლიშვილი
შეკითხვას - თუ რას და რატომ აპროტესტებენ ისინი, პასუხი სტუდენტებმა: ლევან ლორთქიფანიძემ, სალომე ჩუხუამ და თაკო ჩინგარიშვილმა გასცეს. მათი თქმით, მთავარი პრობლემა სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისება და საზოგადოებისა და ბუნებისთვის მინიჭებული უზარმაზარი ზარალის ხარჯზე, უცხოელი ინვესტორების გამდიდრებაა.
“ენერგეტიკაში ორი ძირითადი მიდგომაა - პირველი, რომლის მიხედვით რესურსებს სრულად ითვისებენ და მეორე - გონივრულად იყენებენ. რესურსების მაქსიმალური გამოყენება ქვის ხანის მეთოდია. ჰიდროელექტრო ენერგეტიკასთან ერთად ქარის, მზისა და სხვა განახლებადი ენერგიებით უნდა ვისარგებლოთ. უნდა ავაშენოთ მცირე ჰესები, რათა შევინარჩუნოთ ბუნება, ადამიანური გარემო, სოციალური სივრცე... ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ინდურმა ინვესტორმა კომპანია “ტრანსელექტრიკამ” მაქსიმალური მოგება მიიღოს. ამის ხარჯზე სვანეთში 14 სოფელი დაიტბორება. იქ არსებული გარემო - სკოლები თუ ეკლესიები წითელ ნუსხაში შესული ჯერ კიდევ აღუწერელი ცხოველებისა და მცენარეების სახეობები განადგურდება. გაიჩეხება 1100 ჰექტარი ხე-ტყე. ჩვენ ვითხოვთ გონივრულ ენერგეტიკულ პოლიტიკას, რომელიც ენერგოდამზოგ ტექნოლოგიებს დაეფუძნება.ამის რესურსი ჩვენს ქვეყანას აქვს, მაგრამ საჭიროა პოლიტიკური ნება. დღეს კი პოლიტიკური ნება არც ადამიანების და არც ბუნების მხარეს არ არის. ეს პოლიტიკა “ტრანსელექტრიკას” მილიარდიანი მოგების მხარესაა”,- განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
“ჩვენ მივიჩნევთ, რომ ხუდონჰესის აშენება ადამიანების უფლებების დარღვევაა. ეკოსისტემა განადგურდება და საქართველოს არანაირი სარგებელი არ ექნება. ჰესისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის 91% ქვეყნიდან გავა, ხოლო დარჩენილი 9% ჩვენ მაინც უნდა შევიძინოთ. გამოდის, რომ ბუნება ნადგურდება, ხალხს ვასახლებთ, - ამით სარგებლობენ უცხოელი ინვესტორები, ხოლო ჩვენ ისევ ვზარალდებით, ისევ ვიხდით ფულს და ჩვენს ქვეყანას ამხელა ზიანს ვაყენებთ, რათა ბოლოს ზაჰესის სიმძლავრის ენერგია მივიღოთ”,- ამბობს სალომე ჩუხუა.
“ხუდონჰესის აშენებას იმიტომ ვაპროტესტებთ, რომ ამას სავალალო შედეგები მოჰყვება: ხუდონჰესის აშენების შემდეგ დაახლოებით 40-მდე ჰესის მშენებლობა იგეგმება, რაც ფაქტობრივად მთლიანად სვანეთის დატბორვას გამოიწვევს. ამას გარდა, ვაპროტესტებთ იმ ეკოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც დღეს საქართველოშია. მაშინ როდესაც, საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულია, რომ გამწვანებული ტერიტორია ერთ მოსახლეზე 15 კვადრატული მეტრი უნდა იყოს, საქართველოში ერთ მოსახლეზე მხოლოდ 3-4 კვადრატული მეტრი გვხვდება და კიდევ კლების ტენდენცია შეინიშნება. ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ გონივრულად იმოქმედოს და რესურსებს მაქსიმალურად ნუ აითვისებს. მან გრძელვადიანი, და არა მოკლევადიანი ეკონომიკური განვითარება უნდა დაგეგმოს”, - აცხადებს თაკო ჩინგარიშვილი.
"ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის პრინციპული წინააღმდეგობის შედეგად მშენებლობა შეჩერდა. წლების განმავლობაში მთავრობების ცვლასთან ერთად პერიოდულად ეს პროექტი აქტუალობას იძენდა. დღეს საქართველო ამ პრობლემის წინაშე კვლავ დგას. მმართველი პოლიტიკური პარტიის დაპირება (სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვა) დაპირებად რჩება.
პროექტის ფარგლებში 1 დოლარად გაყიდული 1538 ჰექტარი მიწის ფართობიდან 184 ოჯახს გასახლება ემუქრება. ამ ყველაფრით ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლება ირღვევა: (კონსტიტუციის 37-ე მუხლი:”3. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს;4. სახელმწიფო ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას, ქვეყნის მდგრად განვითარებას საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად;5. ყველას აქვს ფულება დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ”) " - წერია სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.