Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეხვედრა ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით

20 ოქტომბერი, 2013 0:19

დღეს ვაკის რაიონის გამგეობაში ვაკის პარკის რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას პარტიზანი მებაღეების წარმომადგენლები, ვაკის რამდენიმე მცხოვრები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. 

რეაბილიტაციის პროექტმა სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული დაინტერესება მას შემდეგ გამოიწვია, რაც თბილისის მერიის ვებ-გვერდზე პარკში დაგეგმილი დეკორატიული შადრევნის ელექტრონული ფოტო გავრცელდა.

ქალაქთგეგმარების სპეციალისტი და ერთ-ერთი პარტიზანი მებაღე, ზურაბ ბაქრაძე ამბობს, რომ მათ ვერ შეძლეს პროექტის საბოლოო სახით ნახვა, რადგან შეხვედრაზე მხოლოდ საპრეზენტაციოდ მომზადებული მასალა აჩვენეს, ისიც - როგორც მათ პასუხობდნენ, არა საბოლოო ვარიანტი. 

„ჩვენ დაზუსტებით ვერ ვამბობთ, რა ხდება ნორმების დაცვით და რა - არა, რადგან საბოლოო პროექტი, პრაქტიკულად, ვერ ვნახეთ. გამგეობაში გვაჩვენეს ბილიკების, ინფრასტრუქტურის ელექტრონული ფოტოები, თუმცა ყველა კონკრეტულ შეკითხვაზე გვპასუხობდნენ, რომ ეს შეიძლება სხვანაირადაც გაკეთდეს. მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ოფიციალურად დამტკიცებული პროექტი არავის უნახავს“, - ამბობს ბაქრაძე.

მისივე განმარტებით, ვაკის პარკთან, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან განსაკუთრებული მოპყრობაა საჭორო. რეკონსტრუქციის პროექტი კი ამის გამო დამატებით დეტალებს უნდა ითვალისწინებდეს. 

 „ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით. ბევრი რამ მაინც არასწორია. მშენებლობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე არ იყო ბანერი გამოკრული, როგორც ამას კანონი მოითოხვდა, მოქალაქეებმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რომ რაღაც ხდებოდა, რაც აქ თხრა დაიწყო. ბანერი საზოგადოების ინფორმირების ერთ-ერთი ნაწილია. ამგვარი ქმედება კი, რაც ხდება, არც მორალურადაა სწორი, არც მოქალაქეთა მიმართ პასუხისმგებლობის მიხედვით და არც კანონით. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე ამბობს, რომ პარკის რეაბილიტაცია მისასალმებელია, თუმცა შესაფერისი საზოგადოებრივი განხილვისა და ინფორმაციის გარეშე პარკის მომავლის შესახებ კითხვები ჩნდება.

„მოქალაქეთა ნაწილს აქვს კითხვები, როგორ შეირჩა თუნდაც შადრევნის ის ფორმა, რომელიც ფოტოებზეა ასახული. იმიტომ, რომ არ ჩატარებულა შესაბამისი კონკურსი, გაურკვეველია როგორ შეირჩა რეაბილიტაციის კონკრეტული ელემენტები.“

გარდა რეაბილიტაციისა, ერეკლე ურუშაძე ვაკის პარკში დაგეგმილ კიდევ ერთ მშენებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი ინფორმაციით, ყოფილი რესტორან „ბუდაპეშტის“ ადგილას, ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. რაც პარკის რეკრეაციულ ფუნქციასთან აბსოლუტურად შეუთავსებელია. 

„ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებლობა არღვევს ამ კონკრეტული ზონისთვის დადგენილ სამშენებლო კოეფიციენტებს. „რეკრეაციულ ზონა 2-ში“ საერთოდ არ არის დაშვებული სასტუმროს მშენებლობა, მით უფრო, რომ მისი სიმაღლე აღემატება სათანადო კოეფიციენტებს. ფაქტობრივად, პარკის სიღრმეში უნდა ჩაიდგას სასტუმრო, რომლისთვისაც საჭირო იქნება სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლაც, რაც მთლიანად არღვევს პარკის ფუნქციურ მნიშვნელობას. ამიტომ ჩვენი მომდევნო პერიოდის პროტესტი სწორედ ამ საკითხზე იქნება ფოკუსირებული“, - ამბობს ურუშაძე. 

სასტუმროს მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევს ტურიზმის სპეციალისტი და თსუ-ს სრული პროფესორი მაია მარგველაშვილიც. ის ვაკის პარკთან ახლოს, თამარაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს და ამბობს, რომ ეს პარკი, მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამწვანებული ტერიტორიაა.

„ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებლობა არც კანონის და არც სხვა სტანდარტების ჩარჩოებში არ ჯდება. დაუშვებელია სარეკრეაციო ზონაში შენდებოდეს სასტუმრო მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. ასეთი პრობლემური არ იქნებოდა, იქ რომ იგივე ტიპის კვების ობიექტი იხსნებოდეს. მაგრამ სასტუმრო და ისიც 5-სართულიანი, ყოვლად მიუღებელია. პარკის პროექტშიც, რომელიც გამგეობაში გაგვაცნეს, ყველაფერი იყო, გარდა არქიტექტურული ნიუანსებისა", - ამბობს მაია მარგველაშვილი.

მიხეილ კალანდაძე, როგორც თვითონ ამბობს, ვაკის პარკში იმ მოთხოვნით მივიდა, რომ ყველაფერი კანონის სრული დაცვით მოხდეს. „მე არ ვამბობ, რომ პარკი არ უნდა შეკეთდეს. მაგრამ ყველაფერი კანონიერად უნდა იყოს, ბანერით დაწყებული, თითოეული დეტალით დამთავრებული. თუ ამ ყველაფრის კონტროლი არ მოხდა, საბოლოოდ იმას მივიღებთ, რაც ბევრ სხვა პარკს, თუნდაც მუშტაიდს დაემართა, ვაკის პარკი თავის სახეს დაკარგავს და განადგურდება“, - ამბობს კალანდაძე. 

"ეს ყველაფერი მოქალაქეებისთვის კეთდება და ჩვენი აზრი უნდა გაითვალისწინოთ," "კანონის მიხედვით იმოქმედეთ," "გაუფრთხილდით კულტურულ მემკვიდრეობას," - ამ და სხვა მოთხოვნებით მიმართავდნენ მოქალაქეები თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც მათ პარკში შეხვდნენ. მოქალაქეებთან საუბრის შემდეგ გამწვანების სამსახურის უფროსი, გიორგი ქორქაშვილი აცხადებდა, რომ შესაძლებელია დეკორატიული ხე-შადრევნების პროექტიდან ამოღება, თუ ეს მოქალაქეებს განსაკუთრებით აწუხებთ.

ერთ-ერთი პარტიზანი მებაღე, ნატა ფერაძე ამბობს, რომ მათ გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელობასთან გარკვეულ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. 

„კარგია, რომ ხეების მოჭრა არ იგეგმება, არც პარკის მთლიან სქემას ეხებიან, თუმცა ჯერ მაინც არ ვიცით რა როგორ იქნება. აქამდე აქ არც ბანერი ყოფილა და არანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო და სამუშაოები საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე დაიწყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენთვის სანდო არქიტექტორი სანდრო წივწივაძე მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ამ საკითხის განხილვა-დაგეგმვაში მონაწილეობას მიიღებს“, - ამბობს ფერაძე. 

 

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი ამბობს, რომ პროექტი პარკის გეგმარებაში ცვლილებებს არ გულისხმობს, განახლდება სანიაღვრე სისტემა, ინფრასტრუქტურა, გაკეთდება ბილიკები ველოსიპედისტებისა და ეტლით მოსარგებლეებისათვის, წითელი საფარი კი ძირითად ნაწილში შენარჩუნდება. 

„პროექტი გულისხმობს შადრევნის ელემენტებს დეკორატიული ხეების სახით და ასევე ქვაფენილს მის ირგვლივ. შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ და ამოვიღოთ პროექტიდან. თუმცა შადრევნის ან წყლის ელემენტი იქ მაინც უნდა დარჩეს. ჩვენ შეხვედრებისთვის დახურული არ ვართ,  ამ პროექტზე საუბარი 2012 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს და საზოგადოებაც ყველა შესაძლო გზით იყო ინფორმირებული, იქნება ეს ტელევიზია თუ ონლაინ ან ბეჭდური მედია“, - აცხადებს ქორქაშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^