“ტფილისის ჰამქარმა”, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ჰოლანდიელი ექსპერტები, ალე ელბერსი და ესტერ ვან სტეეკელენბურგი მოიწვია. ექსპერტებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებაში დიდი გამოცდილება აქვთ ნიდერლანდებში, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ქვეყნებში. ალე ელბერსი ნიდერლანდებში მემკვიდრეობის დაცვისა და დაფინანსების შესახებ კანონის ავტორია.
“ტფილისის ჰამქრის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ საქართველოში არსებულ ურბანულ მემკვიდრეობას განადგურების საფრთხე ემუქრება და ამის თავიდან ასაცილებლად, სწორედ, უცხოეთის კარგი გამოცხილების გათვალისწინებაა აუცილებელი. ამაშუკელი განსაკუთრებულ აქცენტს ურბანული მემკვიდრეობის რესტავრაციის დაფინანსებაზე აკეთებს.
ალე ელბერსი ამბობს, რომ ურბანულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის მოდელები მსოფლიოში განსხვავებულია, განსხვავდება რესტავრაცია-რეაბილიტაციის დაფინანსების სისტემებიც. “არის ძეგლები, რომელთა რესტავრაციაზეც სახელმწიფო ზრუნავს, თუმცა, რიგ შემთხვევებში, კონკრეუტლ მეკვიდრეობას უშუალოდ მუნიციპალიტეტი აფინანსებს.“ მისივე თქმით, თანამედროვე მიდგომით, აუცილებელია ურბანული მემკვიდრეობის სუბსიდირების სისტემა დაფინანსების სისტემით შეიცვალოს, დაცვასთან ერთად კი მისი განვითარებაა საჭირო.
ელბერსმა ნიდერლანდების პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ დღეს ქვეყანას უკვე 60 000 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს. სწორედ ამიტომ, ამჟამად, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ნაგებობებს ანიჭებენ სტატუსს. ნიდერლანდებში მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად განსხვავებული მექანიზმები არსებობს, ნაწილს თავად სახელმწიფო აფინანსებს, ნაწილის დასაცავად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შენობის მფლობელებს გრანტები ეძლევათ. კონკრეტული ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები კი აკონტროლებენ იმას, თუ როგორ იხარჯება ეს თანხები და მოგვიანებით, ხომ არ ზიანდება ეს ძეგლები განზრახ.
“თუკი ადრე მხოლოდ კონსერვაცია ხდებოდა, აშკარა გახდა, რომ დროთა განმავლობაში, შედეგების შესანარჩუნებლად, კვლავ და კვლავ იყო საჭირო თანხის ხარჯვა. აუცილებელია იმგვარი სქემის შემუშავება, როდესაც ამ ადგილებს სახელმწიფოს მხრიდან გამუდმებით მოვლა აღარ დასჭირდება,“ - ამბობს ჰოლანდიელი ექსპერტი.
შეხვედრაზე დამსწრეებს ჰქონდათ შესაზლებლობა ენახათ თბილისისა და სხვა ქალაქების ისტორიული შენობა-ნაგებობების რესტავრაციის შედეგების ამსახველი ფოტომასალა. პრეზენტაციისას წარმოდგენილი იყო, თუ როგორ შეიცვალა კონკრეტული ნაგებობების იერსახე ან მათი დეტალები რესტავრაცია-რეაბილიტაციისას.
„ურბანული მემკვიდრეობის ძეგლებში თბილისის მკვიდრნი ცხოვრობენ, რომელთაც ამ შენობების რესტავრაციის საშუალება არ აქვთ. გასაგებია, რომ სახელმწიფო ყველაფერს ვერ გაწვდება. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მარტივი გამოსავალი ვიპოვოთ და ძველის ნაცვლად ახალი შენობები ავაშენოთ, სჯობს, შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომლითაც ურბანული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მოხდება“, - მიიჩნევს ამაშუკელი.
„ხშირად მოსახლეობასაც პირობების გასაუმჯობესებლად სხვა გზა აღარ რჩება გარდა იმისა, რომ შეუთანხმდეს დეველოპერს. ის კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაცვლად, დიდ შენობას ააშენებს, რომელშიც მეტ ფართს მიიღებს და მის რენტაბელურობას გაზრდის. დეველოპერებს არ აინტერესებთ კულტურული მემკვიდრეობა, მათ აინტერესებთ ფართი, მიწის ნაკვეთი, რომელიც არის ძვირადღირებულ ტერიტორიაზე. ამ ინიციატივის იდეაც სწორედ ისაა, რომ შეიქმნას მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი გახდება კომპანიების რესტავრაციით დაინტერესება", - ამბობს "ჰამქრის" გამგეობის თავმჯდომარე.
“ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არის აუცილებელი, ყველაფერი სახელმწიფომ აკეთოს, შესაძლოა, ამაში კერძო სექტორიც იყოს ჩართული, შესაბამისი წახალისებით”, - ამბობს ამაშუკელი და განმარტავს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი რესტავრაციის საგადასახადო შეღავათებით წახალისებაა. “ნიუ-იორკში, მაგალითად, რესტავრაციის განმახორციელებელს სახელმწიფო 40%-იან საფინანსო შეღავათს სთავაზობს, რითაც თავადაც მოგებული რჩება”. კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება ეკონომიკური პრობლემების პირობებში, ამაშუკელი ამბობს, რომ, რეალურად, ეს სახელმწიფოს უფრო დიდ ტვირთს აშორებს და საჭირო თანხის 100%-ის ნაცვლად, მას მხოლოდ ნაწილის გაღება უხდება, სანაცვლოდ კი სასურველ შედეგს იღებს, ოღონდ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში.
დღეს გამართული საჯარო შეხვედრის შემდეგ, ხვალ დახურული სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ქართულ რეალობაში არსებულ პრობლემებს კიდევ ერთხელ შეაჯამებენ. მოგვიანებით, ექსპერტები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ასევე ინვესტირების ფონდების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
“ჩვენ მათ უკვე გადავეცით ინფორმაცია არსებული საკანონმდებლო ნორმებისა და მენეჯმენტის სისტემის შესახებ, ამ ინფორმაციის გათვალისწინებით უკვე დეკემბერში, ექსპერტები იმ ვარიანტებს წარმოგვიდგენენ, რომლებიც საქართველოზე ყველაზე მეტად იქნება მორგებული. შემდეგ უკვე კულტურის სამინისტროს გადასაწყვეტია, აისახება თუ არა ეს ყველაფერი კანონმდებლობაში”, - აცხადებს თამარ ამაშუკელი.