
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე განათლების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ინოვაციურ სამიტზე, იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ირინა ბოკოვამ განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით 57 მილიონ ბავშვს სკოლაში სწავლის შესაძლებლობა არ აქვს.
„მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება, ჩნდება ახალ-ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები. ყოველი მესამე ადამაინი ინტერნეტით სარგებლობს, 7 მილიარდი ადამიანი მობილურ ტელეფონს იყენებს, თუმცა ამის ფონზე არსებობს ძალზედ მწვავე და რთული გამოწვევები, პრობლემები. დღეისათვის, 57 მილიონ ბავშვს სკოლაში სწავლის საშუალება არ აქვს. უხარისხო განათლების გამო კი 250 მილიონ მოზარდს წერა-კითხვა არ შეუძლია. ამ ყველაფრის ფონზე, განათლების მიღება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, ეს უფლება კი მრავალ ქვეყანაში ირღვევა“, - განაცხადა ირინა ბოკოვამ.
მთავარი მიზეზები, რის გამოც მილიონობით ბავშვი დაწყებით განათლებსაც ვერ იღებს - სიღარიბე და კონფლიქტის ზონებში ცხოვრებაა. ერთი წლის წინ, კატარის ყოფილი ემირის მეუღლის ინიციატივით, მასშტაბური პროექტი „Educate a child” (განათლება მივცეთ ბავშვს) დაიწყო, რომლის მიზანიც მსოფლიოს ყველა ბავშვისათვის საბაზისო განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნაა. გასულ წელს, პროექტმა მსოფლიოს 24 ქვეყანა მოიცვა და 2 მილიონ მოზარდს სწავლის დაწყების საშუალება მისცა.
„ხშირად ვაცხადებთ, რომ სიტუაცია უიმედოა, არ გაქვს ფული, არ გვაქვს შესაძლებლობები, მაგრამ პროქტის ერთი წლის მაჩვენებლები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ პრობლმების გადასაჭრელად მრავალი რამის გაკეთება შეიძლება და ეს აუცილებელია. საჭიროა გამოვიყენოთ ყველანაირი შესაძლებლობა, მივიქციოთ ხელისუფლების ყურადღება, რომელიც ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს ბავშვებზე პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა.