დღეს ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით სპეციალური სემინარი გაიმართა. სემინარი ევროკავშირთან ინსტიტუციური დაძმობილების, ტვინინგის პროექტის ფარგლებში შედგა.
ტვინინგის პროექტი ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერებას ითვალისწინებს. სამინისტრომ ცოტა ხნის წინ ნარჩენების მართვის კანონპროექტი შეიმუშავა. კანონპროექტი სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორს ახალ პრინციპს - „მწარმოებლის გაფართოებულ პასუხისმგებლობას“ სთავაზობს. სემინარის თემა სწორედ ამ პრინციპის განმარტება და დაინტერესებული საზოგადოებისთვის ავსტრიული მაგალითის წარმოდგენა იყო.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო შარაშიძე ამბობს, რომ მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის პრინციპი ევროპული მოდელია, რომელიც ითვალისწინებს მწარმოებლების მიერ ფინანსური და ორგანიზაციული ვალდებულების აღებას მათივე წარმოებული პროდუქციის ნარჩენების უსაფრთხო მართვაზე.
„მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა“ შეეხება ისეთ პროდუქციას, რომლის ნარჩენიც სპეციფიკურ ნარჩენად არის მიჩნეული და სასიცოცხლო ციკლის დასრულების შემდეგ აუცილებელია მათი სწორად მართვა. ასეთ ნარჩენებად მიიჩნევა შესაფუთი მასალები, ზეთები, საბურავები, ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, ბატარეები, აკუმულატორები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები. აღნიშნული პრინციპის მიხედვით კი, ამ ნარჩენების შეგროვებაზე პასუხისმგებლობას მწარმოებელიც ინაწილებს.
ამ პროექტის მიხედვით, შეიქმნება სპეციალური შეგროვების პუნქტები, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დააბრუნონ ნარჩენები, რის შემდეგაც მათი გადამუშავება ან სათანადო წესების დაცვით განთავსება მოხდება.
ჯონათან მეიერი, ავსტრიის გარემოსდაცვითი სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ „მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის“ პრინციპი ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, ხელახალ გამოყენებასა და რეციკლირებას. მოდელი გულისხმობს ნარჩენების მართვის ხარჯების მწარმოებლებზე გადატანას, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, პროდუქციასა და შესაფუთ მასალებში ისეთი ცვლილებები შეიტანონ, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას.
„თითქმის უკვე ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს პრევენციის მექანიზმი. ეს გულისხმობს რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენის წარმოქმნას. თუკი ნარჩენები არსებობს, ხდება დიდი ნაწილის გადამუშავება. და რაც უფრო ცოტა ნარჩენი ხვდება ნაგავსაყრელზე, მით უფრო წარმატებულია მთელი ეს პროცესი“, - ამბობს მეიერი.
ექსპერტები განმარტავენ, რომ პროცესის ეფექტურობა სამი მხარის ჩართულობას მოითხოვს: სახელმწიფოს მხრიდან წახალისებას, კერძო სექტორის მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას და მომხმარებლის მხრიდან ნარჩენებთან გონივრულ მიდგომას.
ავსტრიის ნარჩენების რეციკლირების ასოციაციის ტექნიკური სამსახურის უფროსი დიტერ შუხი ამბობს, რომ ავსტრიაში ნარჩენების 60 % ოჯახებზე მოდის, 40 % კი საწარმოო ინდუსტრიაზე.
„ერთი მხრივ, გადამუშავება ბიზნესისთვისაც ეკონომიურად მომგებიანია. მათ უნდა მოახერხონ ერთი მხრივ პოტენციური ნარჩენების, შეფუთვებისა თუ სხვა მასალის მინიმიზაცია და მეორე მხრივ, მათ შეგროვებაზე პასუხისმგებლობის აღება. ასევე მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობაც, რომლებსაც შეუძლიათ საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება", - აცხადებს დიტერ შუხი.
ტვინინგის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყანა დახმარების მიმღებ ქვეყანას ხელს უწყობს ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებაში, ტრენინგების, რეორგანიზაციის და კანონმდებლობების განვითარების გზით. ტვინინგის ინსტრუმენტი საქართველოში 2007 წლიდან ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სახით ფუნქციონირებს.