
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წამომადეგენლობის ინიციატივით, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებული საკითხების პრეზენტაცია გაიმართა. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან დაიწყება და 19 ნოემბრამდე გასტანს. აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები 2014 წლის აპრილამდე მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, რომელიც მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ მიუხედავად საქართველოს ტერიტორიული სიმცირისა, საყოველთაო აღწერა მაინც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
„სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლებთან და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, 2014 წლის ნოემბრის თვე აღწერის თარიღად განისაზღვრა. გაიწერა მოსამზადებელი სამუშაოები. დაზუსტდა გეოინფორმაციული სისტემა და სხვა ტექნიკური საკითხები. წინასწარი შემოვლა უკვე ჩატარდა აჭარასა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში და მალე დაიწყება თბილისშიც“, - ამბობს ნარმანია.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის გარდა, ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რაც მინისტრის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან სოფლის მეურნეობა ერთ-ერთია იმ პრიორიტეტული დარგებიდან, რაშიც მთავრობა დიდი ოდენობით ინვესტიციას დებს. გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი თამარ ხომასურიძე ამბობს, რომ ეს აღწერა არის 2010 წლის აღწერათა ციკლის ნაწილი. ამ აღწერის გადავადების შემთხვევაში, ციკლიდან ამოვარდებოდა ქვეყანა, რაც უარყოფით გავლენას მოახდენდა როგორც ქვეყნის პრესტიჟზე, ასევე, იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგალითად, სტრატეგიული დაგეგმვა, დონორთა დახმარება და სხვა.
„დონორი ორგანიზაციები, ჩვენი ფონდის ჩათვლით, შეიმუშავებენ დახმარების ეფექტურ სტრატეგიას. გაეროს მოსახლეობის ფონდისათვის ძალზე მნიშვნელოვანი და საპატიოა, იყოს მეორე აღწერის პარტნიორი საქართველოში. ჩვენი მთავარი მიღწევაა ის, რომ გეოსაინფორმაციო სისტემების გამოყენებით ტარდება აღწერა. საქართველო გახლავთ პირველი, ამ რეგიონში, რომელიც ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ატარებს აღწერას. ჩვენი დახმარება გამოიხატება, როგორც ფინანსურ და ტექნიკურ უზრუნველყოფაში, ასევე, საპარტნიორო ურთიერთობის განმტკიცებაში“, - აცხადებს თამარ ხომასურიძე.
უკანასკნელი საყოველთაო აღწერა საქართველოს მასშტაბით, 2002 წლის იანვარში ჩატარდა, რომლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონზე მეტი იყო.