Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰესები ყაზბეგში, შპს "ფერი" და ელიტური კორუფცია ენერგო-სექტორში

09 ნოემბერი, 2013 16:23

ასოციაციამწვანე ალტერნატივამ“ 7 ნოემბერს სამი ახალი კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევები ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, პროექტის - „ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის გამოვლენაფარგლებში განხორციელდა. 

რადგან საქართველოს ახალი მთავრობის, ისევე როგორც ძველის, გაცხადებული პოლიტიკა ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურ ათვისებას გულისხმობს, ასოციაციის კვლევის ფარგლებში სწორედ ენერგეტიკული პროექტების განმახორციელებელი ერთი კონკრეტული კომპანია შეირჩა. შპს. „ფერი“ რამდენიმე მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტს ახორციელებს. ასოციაციის ანალიტიკოსები დოკუმენტების კვლევის შედეგად ეჭვობენ, რომ საქმე შესაძლოა სწორედ ელიტურ კორუფციასთან გვქონდეს, რაც ე.წ. მაღალ დონეზე კომპანიისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას და მის მიერ ვალდებულებების დარღვევაზე თვალის დახუჭვას გულისხმობს.

ამმაღალი დონისკორუფციის შესაძლებლობები განსაკუთრებით დიდია მაშინ, როდესაც კანონმდებლობა სუსტია, სახელმწიფო ორგანოებსა და კომპანიებს შორის ხელშეკრულების დადების, ასევე კომპეტენტური ორგანოების მიერ ლიცენზიებისა და ნებართვების მინიჭების პროცესი დახურულია საზოგადოებისთვის, სუსტია კანონაღსრულების კონტროლი და მონიტორინგი. სამწუხაროდ, საქართველო სწორედ ამ პირობებში იმყოფება”, - აცხადებს ორგანიზაციის ანალიტიკოსი, ქეთი გუჯარაიძე.

შპს „ფერი“ ყურადღების ცენტრში ყაზბეგში მიმდინარე „ლარსი“ და „დარიალჰესის“ და დაგეგმილი „ხდის ჰესის“ მშენებლობის გამო მოექცა. 1996 წლისთვის კომპანიას 11 დამფუძნებელი ჰყავდა. მათგან 64%-იან წილს კომპანიის დირექტორი - იოსებ მჭედლიშვილი ფლობდა. 1998- 2007 წლებში კომპანიის ოთხმა მეწილემ თავისი წილი მჭედლიშვილის სასარგებლოდ დათმო, ბოლო 2 წლის განმავლობაში კი მან კიდევ 5 დამფუძნებლის წილი მიიღო. ამჟამად მჭედლიშვილი 96%-ის მფლობელი და კომპანიის გენერალური დირექტორია. 2005 წლიდან კომპანიის კი დირექტორი მერაბ იორდანიშვილია. თუკი საწესდებო კაპიტალი დაარსებისას 1000 დოლარს შეადგენდა, 2004 წელს ის 400 000 ლარამდე გაიზარდა, 1 წლის შემდეგ კი 2 ათას ლარამდე შემცირდა.

შპს „ფერის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას აქვს მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰიდროენერგეტიკული პროექტების სრული მოცულობით განხორციელების გამოცდილება პროექტირების, მშენებლობის, დაკომპლექტების, მონტაჟისა და ექსპლუატაციის ჩათვლით.  

2012 წლის ბიზნეს-დაჯილდოება „მერკური 2012“-ზე წლის საუკეთესო ბიზნესად დასახელებული კომპანია თავად პრეზიდენტმა დააჯილდოვა. ვებ-გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია 2007 წელს კომპანია ISO ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელია.

კომპანია „თი-ბი-სი ბანკის“ მოვალეა, დაგირავებული აქვს გვირაბგამყვანი ტექნიკა, კომპანიის 30%-იანი წილი შპს “ენერგიაში” ასევე შპს „ენერგიის“ არსებული და სამომავლო არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. შპს „ენერგია“  2010 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მის 30 %-იან წილს სწორედ შპს „ფერი“ ფლობს, 70 %-ს კი მევლუდ ბლიაძე. დაგირავებულია ორივე მფლობელის წილებიც.  TBC-ისთან „ფერის“ასევე დიდებული აქვს სალიზინგო ხელშეკრულებები მოძრავ ქონებაზე. ბანკში 30 მილიონ დოლარად დაგირავებულია „ენერგიის“ მიერ “მომავალში შეძენილი და/ან მისთვის მომავალში გადაცემული “ლარსის ჰიდროელექტროსადგურის” ყველა დანადგარი, ნებისმიერი სამომავლოდ შესაძენი მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

შპს „ენერგია“ ამჟამად ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში 19 მგვტ სიმძლავრის ლარსის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს. 2012 წელს შპს “ენერგიამ” კიდევ ერთი მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც მან ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჩელთიზე 5 მგვტ სიმძლავრის „შილდას ჰესი“ უნდა ააშენოს. პროექტი თავდაპირველად "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მიერ დაფუძნებულ კომპანია GGEDC -ის უნდა შეექმნა, ჰესის მშენებლობა კი „ფერის“ განეხორციელებინა. 2012 წლის შემდეგ კი პროექტის განხორციელება „ენერგიამ“ განაგრძო. იმავე წლის სექტემბერში შპს „ენერგიას“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთები: საგურამო-წითელი ხიდის 972 მეტრი სიგრძის მაგისტრალური გაზსადენი და უსასყიდლო აღნაგობის ფორმით 99  წლის ვადით - მდინარე ჩელთის კალაპოტის მიწები.

„დარიალი ენერჯი“ კიდევ ერთი კომპანიაა, რომლის 70 %-იანი წილის მფლობელიც შპს „ფერია“.

2011 წელს მაისში კომპანიამ 109 მგვტ სიმძლავრის დარიალ ჰესის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის შესახებ სახელმწიფოსთან მემორანდუმი გააფორმა. 4 თვის შემდეგ კომპანია სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და მისი კაპიტალი 100 ათასი აშშ დოლარიდან 33 მილიონ 333 333 აშშ დოლარამდე გაიზარდა. იმავე თვეში კომპანიის სააქციო კაპიტალის 30% 10 მილიონ დოლარად  სს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა შეიძინა.

შპს „ფერის“ წილი 40 %-მდე შემცირდა. ამ დროიდან ლაშა იორდანიშვილის ნაცვლად მისი დირექტორი ზურაბ ალავიძეა. კომპანიისთვის შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, 2013 წლის 14 აგვისტოს კოპმანიის ხელმძღვანელობამ ენერგეტიკის მინისტრის ოფიციალური წერილით დახმარება სთხოვა. კომპანიის ხელმძღვანელთა მტკიცებით, პროექტის დასასრულებლად საბანკო დაფინანსებაა აუცილებელი. წერილის თანახმად, ერთი მხრივ, შპს "ენერგია" მზადაა კომპანიის კაპიტალში 10 მილიონი აშშ დოლარი შეიტანოს და კომპანიას აუქციონერთა სესხის სახით დამატებით 10 მილიონი გამოუყოს, მაგრამ ამის სანაცვლოდ შპს "ენერგია" ითხოვს, რომ კომპანიას ჰქონდეს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" საკუთრებაში არსებული აქციების ყიდვის შესაძლებლობა ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ 15 მილიონ აშშ დოლარად. 2013 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ კოპმანიის მოთხოვნა დააკმაყოფილა

„ფერი“ 5-იან წილს ფლობს შპს. „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციაში“. კომპანიის მთავარი მიმართულება ხადორის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მომზადება და განხორციელებაა.

2011 წლის აგვისტოში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შპს „ყაზბეგი ჰესი“ პირდაპირი მიყიდვის წესით „ფერის“ 200 ათას ლარად გადაეცა.

ამ დროისთვის ის ფლობდა მდინარე ხდისწყალზე განთავსებულ მცირე 0.38 მგვტ-იან „ყაზბეგი ჰესს“. 2012 წლის აპრილში „ფერიმ“ ყაზბეგი ჰესის წილები ლაშა იორდანიშვილსა და ლელა იოსელიანზე გაასხვისა. ნასყიდობის ხელშეკრულებით კი ლელა იოსელიანის მიერ გადასახდელი თანხა იოსებ მჭედლიშვილმა, „ფერის“ თანამფლობელმა გადაიხდა. კომპანიის დირექტორი კი ამ დრომდე სამჯერ შეიცვალა.

შპს „ფერისთან“ დაკავშირებული კომპანიები თუ პირები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველთა სიაშიც იყვნენ. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შპს „ფერიმ“ მმართველ გუნდს 50 ათასი ლარი შესწირა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს ეკრძალებოდათ შემოწირულობების კომპანიებისგან მიღება. ფიზიკური პირებისთვის კი შემოწირულობის ზედა ზღვარი 60 000 ლარი იყო.

დარიალი ენერჯის დირექტორმა ზურაბ ალავიძემ მმართველ პარტიას 35 000 ლარი შესწირა, ლაშა იორდანიშვილმა - 40 000 ლარი, იმავე დღეს იოსებ მჭედლიშვილმა, ფერის 96 % წილის მფლობელმა, ნაციონალურ მოძრაობას მაქსიმალური დასაშვები თანხა - 60 000 ლარი შესწირა.


„მწვანე ალტერნატივას“ შეკითხვები აქვს იმასთან დაკავშირებითაც, თუ რამდენად კანონიერად შეიცვალა „ყაზბეგი ჰესის“ აშენებასთან დაკავშირებული თავდაპირველი პირობები.

"აქ სრულიად კრიმინალური სიტუაციაა, მათ შეისყიდეს მოქმედი „ყაზბეგი ჰესი“, რომლის სიმძლავრეც 0.4 მგვტ-ია. მათ ის თანამედროვე დანადგარებით უნდა აღეჭურვათ და სიმძლავრე გაეზარდათ 2.5 მგვტ-მდე. შემდეგ ორაბზაციანი წერილი მისწერეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იმ მიზეზით რომ მდინარეს მეტი პოტენციალი აქვს, მოითხოვდნენ სიმძლავრის 5 მგვტ-მდე გაზრდას, იმავე დღეს  ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა მალანიამ მისწერა ეკონომიკის მინისტრს, მან კი პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ბრძანებულება გამოსცა და სიმძლავრეც გაიზარდა. ეს ყველაფერი სულ 5 დღეში მოხდა“, - აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი, ასოციაციის ბიომრავალფეროვნების წარმომადგენელი.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ყოველგვარი დასაბუთებისა და შესაძლო დადებითი და უარყოფითი შედეგების გათვლის გარეშე შპს „ყაზბეგი ჰესის“ მესაკუთრეთა სურვილის დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო სტრუქტურებმა, შეთანხმებულად, სულ ერთ კვირაში, შეცვალეს მნიშვნელოვანი მაჩვენებლები.

მშენებლობის დასაწყებად აუცილებელი ნებართვის მისაღებად კი მხარეებმა (მთავრობამ და კომპანიამ) სულ სამი  თვე გამოყვეს. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ყველანაირად შეუწყობდა ხელს კომპანიას პროექტის განხორციელებაში, “რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სათანადო ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებასთან“.  

“მემორანდუმით ამგვარი პირობების დაწესება, სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ გადაწყვეტილება ჰესის მშენებლობაზე უკვე მიღებულია და სახელმწიფო ორგანოებმა ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემით უბრალოდ უნდა შეასრულონ ის“, - ვკითხულობთ ასოციაციის კვლევაში. 

კომპანია ვალდებულია 10 წლის განმავლობაში ყოველ წელს, ნოემბერ-დეკემბერ-იანვრის თვეებში გამომუშავებული ენერგია სრულად მიჰყიდოს საქართველოს ენერგოსისტემას შიდა მოხმარებისთვის. თუმცა მემორანდუმის მომდევნო პუნქტი მას ამ ვალდებულებას უხსნის.

“კომპანიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მთავრობისა და ესკო-სთვის წერილობითი შეტყობინების წარდგენით, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე და ამისთვის მას არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ვალდებულება კი, რომლის შეუსრულებლობაზეც სანქციები არ გავრცელდება, ცხადია, არ შეიძლება განვიხილოთ ვალდებულებად. ამავე ტიპის პრობლემაა შპს „ენერგიასთან“ „ლარსი ჰესის“ პროექტის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმშიც“, - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.  

2011 წლებში დადებული 15 მემორანდუმის ანალიზის შედეგად, კვლევის ავტორებისთვის გაუგებარია, რა კანონზომიერებით საბუთდება სხვადასხვა კომპანიისთვის მოთხოვნილი საბანკო გარანტიის ოდენობა ან ზოგისთვის ამ გარანტიის მოუთხოვნელობა. მათი აზრით, საბანკო გარანტიების „შერჩევითად“ მოთხოვნის საკითხი შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

თუ საქართველოს მთავრობა, ენერგეტიკის სამინისტრო შესაბამისი რეგულაციით არსებულ წესებს გაავრცელებდა მდინარე ხდისწყალზე დაგეგმილ ჰესზე, „ყაზბეგი ჰესის“ მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარსადგენი გარანტიის ოდენობა 200 ათასი აშშ დოლარის ნაცვლად, 850 ათასი აშშ დოლარი იქნებოდა. დადგენილი რეგულაცია ითვალისწინებს დროთა განმავლობაში ამ გარანტიის ოდენობის შემცირებასაც, ეს შესაძლებლობაც სახელმწიფომ სამჯერ გამოიყენა შპს „ენერგიის“ მიმართ, რომელიც ლარსი ჰესს აშენებს.

საბანკო გარანტიების ოდენობასთან ერთად ვარირებს ვალდებულებების შეუსრულებლობისას გამოყენებულ საურავების ოდენობაც. ხელშეკრულებით შპს „ყაზბეგი ჰესი“ ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ 500 ლარი ყოველ გადაცილებულ დღეზე, იგივე თანხა იმ შემთხვევაშიც, თუ დაარღვევს ვალდებულებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის იმ მიწის გადაცემის თაობაზე, რომელიც მას ჰესისთვის არ დასჭირდება. ეს მაშინ, როცა სხვა ორი კომპანიას საურავის სახით თითო ვადაგადაცილებულ დღეზე 1000 დოლარის გადახდა მოუწევს, ოთხი თვის შემდეგ კი საურავი 45 ათას აშშ დოლარამდეც კი შეიძლება გაიზარდოს. 

მას შემდეგ, რაც კომპანიამ 2013  წლის მარტში ვერ მოიპოვა დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გარემოს დაცვის სამინისტროსგან, ის ავტომატურად არღვევდა მემორანდუმით დაწესებულ მშენებლობის დაწყება-დასრულების ვადებს. ამიტომ 2013 წლის 3 აპრილს „ყაზბეგი ჰესის“ მფლობელებმა და დირექტორმა ენერგეტიკის სამინისტროსმის მემორანდუმის პირობის შეცვლა და ვალდებულების ერთი წლით გადაავადება ითხოვეს.

კომპანია ამტკიცებს, რომ პირობების შესრულება მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა და მინისტრს ახსენებს, რომ მთავრობა ვალდებულია კომპანიას დაეხმაროს ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებაში. დაახლოებით ორ კვირაში სამთავრობო სტრუქტურებმა დააკმაყოფილეს კომპანიის მოთხოვნები და მშენებლობის ვალდებულება 2014 წლის 16 აგვისტომდე გადაავადეს. ცვლილება შევიდა მემორანდუმში, პრეზიდენტის განკარგულებასა და პრივატიზაციის ხელშეკრულებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში კომპანიის არგუმენტებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათი 20 დღიანი კვლევები ნებართვის მისაღებად საკმარისი არ იყო. თუმცა სამთავრობო უწყებებმა ყველაფრის გამოუკვლევლად, მისაღებად მიიჩნიეს ეს არგუმენტები და კომპანიას მოთხოვნა უპრობლემოდ დაუკმაყოფილეს.

„მწვანე ალტერნატივა“ აპირებს პროკურატურას მიმართოს ხდის ხეობაში კომპანიის მიერ გზის უკანონო მშენებლობის ფაქტის გამოსაძიებლად. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული ცნობების თანახმად, კომპანიამ 2011 წლის 29 აგვისტოს ადგილზე არსებული სატრაქტორო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვა „არსებულ პრივატიზებულ ჰესის სიმძლავრის 2.5 მგვტმდე გასაზრდელად და ახალი ჰესის ასაშენებლად“ ითხოვა,  ეს იმ დროს, როდესაც ახალი ჰესის მშენებლობის ვალდებულება  საპრივატიზაციო ხელშეკრულებაში თითქმის ერთი წლის შემდეგ გაჩნდა. ასევე საინტერესოა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა ნებართვა არა ხდის ჰესების, არამედ „დარიალ ჰესის“ საჭიროებისთვის გასცა. 

ორგანიზაციის კვლევში „დარიალჰესის“ პროექტის განხორციელებისას არსებულ კანონდარღვევებზეც საუბრობენ. ორგანიზაცია მშენებლობის კანონიერებას სასამართლოს გზითაც იკვლევდა, თუმცა მათი მოთოვნები არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები სასამართლოს მიუთითებდნენ, რომ მშენებლობა სანებართვო დოკუმენტების აღებამდე 2 თვით ადრე უკანონოდ დაიწყო. საჯარო განხილვებზე წარმოდგენილი და შემდეგ დასამტკიცებლად სამინისტროში შესული დოკუმენტი მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი კი -2. 64 ჰექტარი, მაშინ მოქმედი კანონით ყაზბეგის ეროვნული პარკის შემადგენლობაში იყო. თუმცა  4 თვის შემდეგ, პარლამენტმა ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან 20 ჰა ამოიღო, მათ შორის აღნიშნული ტერიტორიაც. ორგანიზაციას არც ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

სააპელაციო სასამართლოში გარემოს დაცვის სამინსიტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ნიკოლოზ ჭახნაკიამ ახალი მტკიცებულება წარმოადგინა.

მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის განკარგულებით, ყაზბეგში „დარიალჰესის“ საჭიროებისთვის „დარიალი ენერჯის“ სახელმწიფო ტყის ფონდიდან სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის 87 737 კვ.მ მიწის ფართობი გადაეცა. ჭახნაკიას განმარტებით, მან სწორედ ამ განკარგულების საფუძველზე მიიღო წარმოებაში კომპანიის გზშ ანგარიში, მიუხედავად იმისა, რომ საპროექტო არეალი დაცულ ტერიტორიას ფარავდა. განკარგულებას ხელს მაშინდელი პრემიერი, ნიკა გილაური აწერს.

„პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, გარდა იმისა, რომ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, მან სრულიად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ეროვნული პარკის ტერიტორიის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემა დაუშვებელია. ოფიციალური დოკუმენტაციით კი ირკვევა, რომ პრემიერს ამ თხოვნით სწორედ გარემოს დაცვის სამინისტრომ მიმართა და პრემიერიც ინფორმირებული იყო განკარგულების კანონთან შეუსაბამობის შესახებ" - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში. 

ამ საკითხის გამოსაძიებლად „მწვანე ალტერნატივამ“ 2012 წლის ნოემბერშივე პროკურატურას მიმართა. თუმცა მიუხედავად ორგანიზაციის წარმომადგენლის ხანგრძლივი დაკითხვისა, პროცესი აღარ გაგრძელებულა.

1 ნოემბერს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ხდის ხეობაში მდინარე ბროლისწყალზე დაგეგმილი 6 მგვტ სიმძლავრის "ყაზბეგი ჰესის" მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გასცა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^