Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით მირცხულავა: "ეკოლოგია ეკონომიკის გარეშე არის გზა არსაით"

14 ნოემბერი, 2013 2:56

„ეს გამოფენა არის ადგილი, სადაც ენერგეტიკის დარგში მომუშავე კომპანიებს შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს და მთავრობის წარმომადგენლებს გაუზიარონ ინფორმაცია, იდეები და დაამყარონ კონტაქტები“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

კონფერენციის მოდერატორი, დავით მირცხულავა იყო, მისი მოხსენება კი საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას შეეხებოდა. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა და კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ ტექნიკური ხელმძღვანელმა ვრლად ისაუბრა ენერგეტიკაზე, „როგორც ეკონომიკის ინფრასტრუქტურულ საფუძველზე.“ 

„ეკონომიკას, ენერგეტიკასა და ეკოლოგიას შორის მჭიდრო კავშირი აშკარაა. ეს სამივე სფერო გარემო-საზოგადოება-ადამიანის სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ენერგეტიკა ეკონომიკის ინფრასტრუქტურული საფუძველია, სწორედ ენერგეტიკის როლი და ხასიათი განსაზღვრავს, აქვს თუ არა ქვეყანას ეკონომიკური განვითარების საფუძველი. სწორედ ენერგეტიკა განსაზღვრავს, რამდენად აქვს ინვესტორს ქვეყანაში შემოსვლის სურვილი, თუ აქ საამისოდ კარგი ინფრასტრუქტურაა, ეს მასტიმულირებელი ფაქტორია, მაგრამ თუ, მაგალითად, ქვეყანა დადგმული სიმძლავრეების დეფიციტს განიცდის, იქ ინვესტორს არაფერი ესაქმება. ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის საწინდარია“, - ამბობს მირცხულავა.

მისი თქმით, ენერგეტიკის გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც განუზომელია - ენერგეტიკა რეგიონში თამაშის წესებს განსაზღვრავს, როგორც ბუნებრივი რესურსების ექსპორტიორი ისე, იმპორტიორი ქვეყნებისთვის.

მირცხულავამ გარემოსა და კლიმატის ცვლილების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის ყოფა -ცხოვრება და ენერგეტიკის დარგები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე.

ნებისმიერი მთავრბა უნდა ეცადოს, შეამციროს გარმოზე მავნე ზემოქმედება. ეკოლოგიამ ობიექტური შეზღუდვები უნდა დააწესოს ეკონომიკის ექსპონეციალურ განვითარებაზე. ეკონომიკა ეკოლოგიის გარეშე არის გზა ჩიხში, მაგრამ ჩვენი ქვეყნისვის ძალიან აქტუალური და დროულია განვმარტოთ ისიც, რომ ეკოლოგია ეკონომიკის გარეშე არის გზა არსაით“, - განაცხადა მირცხულავამ.

„ეკონომიკური უსაფრთხოება ესაა მდგომარეობა, სადაც მოქალაქეები სახელმწიფოს საშუალებით, სუვერენულად, საგარეო ჩარევისა და ზეწოლების გარეშე განსაზღვრავენ რა ფორმებით უნდა განვითარდეს ეკონომიკა ქვეყანაში“, - განმარტა დავით მირცხულავამ და აღნიშნა, რომ ეკონომიკის ყველა დარგის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული საფუძველი სწორედ ეკონომიკაა, „საქართველომ უნდა მოახერხოს საკუთარი წარმოების მაქსიმიზაცია“, - ამბობს მირცხულავა.

„ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ ტექნიკურმა დირექტორმა, სხვა გამომსვლელების მსგავსად, ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზეც ისაუბრა, მისი თქმით, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სწორი რეგულირებაა საჭირო. კონკურენტუნარიანი ბაზრის შექმნასაც სწორედ ამგვარი პოლიტიკა ესაჭიროება, რაზეც ენერგეტიკის სამინსიტრომ უნდა იზრუნოს.

საზოგადოებაში ენერგეტიკული ცნობიერების გასაზრდელად თუ განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების, ენერგოეფექტური ღონისძიებების დასაგეგმად, მირცხულავას თქმით, ქვეყანას ამ დროისთვის თითქმის არაფერი აქვს გაკეთებული. ჯერ კიდევ არ არის მიღებული კანონი ენერგოეფექტურობის შესახებაც, რომელიც 2008 წელს მომზადდა.

ხუდონჰესის მიერ გამოწვეულ ეკოლოგიურ ცვლილებებზე დასმულ შეკითხვაზე მირცხულავამ უპასუხა, რომ ხუდონის წყალსაცავი არ არის იმდენად დიდი, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს.

„ესაა ერთ-ერთი ყველაზე პატარა წყალსაცავი, შევადაროთ ჟინვალს, შაორს, თბილისის ზღვას. ეს სარკე არ ქმნის ასეთ პრობლემებს. თანაც უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს უკვე ნებისმიერი გარემოსდაცვითი ცვლილება დათვლადია, ძალიან კარგად შეგვიძლია ტენიანობის, კლიმატის ცვლილების, ეროზიული პროცესების, სედიმეტაციის პროგნოზირება. უფასო საუზმე არ არსებობს, მაგრამ ყველაფერს გონივრულად უნდა მივუდგეთ”, - განაცხადა მირცხულავამ და დამსწრეებს ავსტრიის, შვეიცარიის, ჩრდილოეთ იტალიის, იაპონიის მაგალითი მოუყვანა, სადაც მისი თქმით, უამრავი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურია აშენებული და დაგეგმილი. 

„ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკა მოითხოვს ზრდას და ჩვენი კეთილდღეობა, მომავალი ეროვნული სიმდიდრის შექმნა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ენერგოპოტენციალის ათვისებაზე, რაც ქვეყნის  ეკონომიკურ მდგრადობას უზრუნველყოფს. პოტენციურ რესურსში ვგულისხმობ ბუნებრივ რესურსებს, ადამიანურ, სოციალურ, პოლიტიკურ კაპიტალს. მთელ ამ პროცესში კი აუცილებელია კინეტიკა, თუკი რომელიმე კანონის მიღება იგვიანებს, ეს პროცესს უკან სწევს და აზიანებს. საჭიროა დროული გადაწყვეტილებები, ეკონომიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების გადაკვეთაზე", - განმარტავს მირცხულავა და დასძენს, რომ დადგული სიმძლავრეების ოდენობით, საქართველო არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია:

„დადგმული სიმძლავრეების ოდენობით, ვართ ზღვარზე - ნორმალურ და კრიტიკულ ზონას შორის, და თუ ახალი სიმძლავრეების შექმნა არ დავიწყეთ, ეს ქვეყანას ენერგოუსაფრთხოების პარამეტრებით კრიზისულ მდგომარეობაში გადაიყვანს“. 

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე ამბობს, რომ შეშის წილი ენერგეტიკულ ბალანსში 13 %-ია, ენერგეტიკული რესურსის 65% კი იმპორტირებულია. ამიტომ, მისი აზრით, განახლებადი ენერგიების წყაროების გამოყენება საქართველოსთვის აუცილებელია და ამაზე დროულად უნდა დაიწყოს მუშაობა:

„საქართველოს არ აქვს სათბობენერგეტიკული ბალანსის დაფარვის საკმარისი ენერგეტიკული რესურსები, ეს მოცემულობა არც შორეულ პერსპექტივაში შეიცვლება, საქართველო საკუთარი ჰიდროენერგეტიკული რესურსების სრულად ათვისების პირობებშიც კი ვერ უზრუნველყოფს ეროვნული მეურნეობისა და მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ელექტროენერგიაზე. ამიტომ ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის სწრაფი ტემპებით ათვისებასთან ერთად, მიზანშეწონილია განახლებადი ენერგიის წყაროების - მზის, ქარის ენერგიის ათვისებისთვის მუშაობაც", - ამბობს არველაძე.

„თუ საქართველოს განვითარება უწერია და ევროპის განვითარებული ქვეყნების რიგში დგომა სურს, მას ძალიან დიდი რაოდენობით დასჭირდება ენერგია.“

მისი აზრით, თუ ჰიდროენერგეტიკის მიმართ განსხვავებული მიდგომები გაგრძელდება, საქართველოში აუცილებლად დადგება ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი. და თუკი ეკონომიკა საშუალოდ განვითარებული ქვეყნების დონემდე მაინც მივა, ქვეყანას იმის საშუალება აღარ ექნება, რომ ენერგია ექსპორტზე გიატანოს, რადგან მას სრულად დასჭირდება საკუთარი გამომუშავებული ენერგია.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები ერთხმად საუბრობენ, ენერგეტიკული ბალანსის არარსებობაა. არველაძე ამბობს, რომ ენერგეტიკული ბალანსზე არც ერთი ორგანიზაცია არ მუშაობს. თუმცა, მურმან მარგველაშვილის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტით სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უკვე დაგეგმა ენერგობალანსის დაანგარიშება.

ორგანიზაციის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორი, მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ "მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა" რეალურად ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკას გულისხმობს. მისი თქმით, მზის ენერგიას საბერძნეთთან, თურქეთთან თუ ისრაელთან შედარებით, მიზერულად ვიყენებთ. პრაქტიკულად არ გამოიყენება ქარის ენერგია, გეოთერმია, ბიომასა. 

„ამ სფეროში პრაქტიკულად არ გვაქვს აუცილებელი პოლიტიკა. სინამდვილეში ბაზარმა გადაუსწრო პოლიტიკას, ბაზარი ითვისებს ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს. ასე რომ არ ყოფილიყო და სახელმწიფო ბაზარს თავიდანვე დახმარებოდა, ეს ყველაფერი ბევრად უფრო ფართოდ იქნებოდა გავრცელებული და დანერგილი“, - ამბობს მარგველაშვილი. მისი განმარტებით, სამთავრობო სტრუქტურები ევროპული სტანდარტებით მოქმედებისთვის მზად არ არიან, თუმცა ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების მიღების შემდეგ, მთელი რიგი ღონისძიებების გატარება გახდება აუცილებელი.

შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობა, მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება, ელექტროობისა და გაზის ტარიფები, დონორების დაფინანსებული პროექტები, სტანდარტიზაცია, საბანკო მომსახურება, ექსპერტული ცოდნის ზრდა - ეს საკითხები მარგველაშვილს გადამწყვეტად მიაჩნია ენერგოპოლიტიკის შემუშავებისა და ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვის გზაზე, რაც საქართველოსთვის საერთაშორისო შეთანხმებებით უკვე აღებული ვალდებულებაცაა.

მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკის დაგეგმვა სწორი და ხარჯთეფექტური ღონისძიებების გასატარებლად აუცილებელია. მაგალითად მას სოფლების ელექტროფიკაცია და გაზიფიკაცია მოჰყავს. ამბობს, რომ ზოგჯერ ეს შეიძლება გაუმართლებელი ხარჯიც იყოს სახელმწიფოსთვის, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა სწორედ ქარის ან მზის ენერგიის გამოყენება ბევრად უფრო ეფექტური და ეკონომიური იყოს.

კონფერენციის მეორე ნაწილი მთლიანად განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს დაეთმო. გამოფენა კი ხვალ, 14 ნოემბერს დაიხურება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^