მიკრომეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია სათემო განვითარების ცენტრმა (CDC), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან (GSMEA) პარტნიორობით კვლევა ჩაატარა.
ანგარიში, პროექტის „მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალება” ფარგლებში მომზადდა. ის ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებასთან ერთად სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის შესახებ რეკომენდაციებსაც შეიცავს.
კვლევის ავტორების თქმით, პროექტის ინიცირება სამმა ძირითადმა მიზეზმა განაპირობა, სიღარიბის პრობლემის სიმწვავემ, ამ პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების ნაკლებეფექტურობამ და ახალი მთავრობის მიერ მცირე მეწარმეობის, როგორც სიღარიბის დაძლევისა და სოციალიზაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტის მიმართ ინტერესის გაჩენამ.
კვლევის პროცესში მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების სფეროში მომუშავე ათი ორგანიზაცია შეირჩა, რომელთა წარმომადგენლებთანაც ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები. ანგარიშზე მომუშავე მკვლევართა ჯგუფმა ასევე გამოიყენა პროგრამების პირდაპირ ბენეფიციარებთან (მიკრომეწარმეებთან) ფოკუს-ჯგუფის მეთოდი.
ავტორები იმედოვნებენ, რომ ანგარიში დაეხმარება სახელმწიფო უწყებებს, უფრო ეფექტურად წარმართონ საკუთარი საქმიანობა მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მიკრომეწარმეობის ხელსემწყობი ე.წ. “სტარტაპ” გრანტები საქართველოში დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ჯგუფების დასაქმებისა და შემოსავლების მაჩვენებლების ზრდის ეფექტური ინსტრუმენტია.
პროექტში მონაწილე ორგანიზაციებისა და ბენეფიციარების შეფასებით, მცირე ბიზნესის განვითარების საგრანტო პროგრამები საწყისი კაპიტალის ხელმისაწვდომობის გაზრდის ეფექტური ინსტრუმენტია, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ღარიბი მოსახლეობისათვის, სადაც მიკროსაფინანსო სფეროში მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და სესხი ბიზნესის წამოწყების საწყის ეტაპზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო არ განიხილება, როგორც მიკროგრანტის ალტერნატივა.
დონორების და ბენეფიციარების შეფასებით, მიუხედავად სტარტაპ გრანტების ეფექტურობისა, დაფინანსებული ბიზნესპროექტების საშუალოდ ნახევარზე მეტს გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემები ექმნება მდგრადობის თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევაში დაფინანსებული ბიზნესპროექტები წლების შემდეგ იმავე სახისაა და ნაკლებად ვითარდება.
კვლევამ აჩვენა, რომ მიკრომეწარმეობის მხარდამჭერი სტარტაპ გრანტების ეფექტურობის შემაფერხებელი ფაქტორია პოტენციურ ბენეფიციართა დაბალი მზაობა, ინფორმირებულობა და პასუხისმგებლობა - მეწარმეობაში გამოცდილების არქონის პირობებში პოტენციური ბენეფიციარები არასწორად აფასებენ რისკებს, მოსალოდნელ სარგებელს და საკუთარ შესაძლებლობებს.
ასევე, შემაფერხებელი ფაქტორებია:
არასაკმარისი კაპიტალიზაცია - რის შედეგადაც იზრდება ბიზნესის ჩავარდნის რისკები, ხოლო დაბალი ეკონომიკური სტატუსის მქონე ბენეფიციარებში მცირდება ბიზნესში რეინვესტირების ალბათობა.
ბაზარზე დარგობრივი კომპეტენციების განმავითარებელი პროგრამების პროვაიდერების ნაკლებობა და, კერძოდ, ნაკლები კავშირი ფორმალური განათლების სისტემასთან, რაც აფერხებს საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტურობასა და ეფექტიანობას.
სოციალური დახმარების პაკეტების სიხისტე - მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამებში მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობას ხშირად აფერხებს ის ფაქტი, რომ მათ ანგარიშზე ფულის დარიცხვისთანავე ბენეფიციარებს უუქმდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი.
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციაა, სახელმწიფომ უფრო აქტიური როლი შეასრულოს მიკრომეწარმეობის განვითარებაში და ხელი შეუწყოს მოქალაქეთა სამეწარმეო აქტივობას. რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამართლებრივი და საგადასახადო რეგულაციების შექმნას, არამედ მიკრომეწარმეობის წამახალისებელი კონკრეტული ღონისძიებების ჩატარებასაც.
“უმთავრესი შეთავაზებაა, შეიქმნას მიკრომეწარმეობის წახალისების სახელმწიფო ჩარჩო-მექანიზმი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის ცალკეული სახელმწიფო პროგრამების ეფექტურ განხორციელებას. მექანიზმი უნდა მოიცავდეს მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის ძირითად სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს, პრიორიტეტულ მიზნობრივ ჯგუფებს.
მიკრომეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების ანალიზი გვიჩვენებს, რომ პრინციპულია ბიზნესის მართვის საბაზისო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მიკრომეწარმეების უზრუნველყოფა საწყისი კაპიტალით (გრანტის ან სუბსიდირებული კრედიტის სახით) და შესაბამისი სასწავლო თუ საკონსულტაციო დახმარებით. შესაბამისად, რეკომენდებულია, რომ ჩარჩო-მექანიზმი ამ კომპონენტებს ითვალისწინებდეს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ბიზნესის წარმოების საბაზისო უნარების სწავლება ზრდასრული მოსახლეობისათვის. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული როლი ენიჭება ზრდასრულთა არაფორმალური განათლების პროგრამებს. რადგან ქვეყანაში არ არსებობს ზრდასრულთა არაფორმალური განათლების ერთიანი პოლიტიკა, პირველი რიგის პრიორიტეტად გვესახება სახელმწიფო ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება ამ მიმართულებით, -“ აღნიშნულია ანგარიშში.