იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები საბჭოს 19 ნოემბრის სხდომაზე მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მათი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი ყველა გადაწყვეტილება იურიდიულ წრეებში კანდიდატების საქმიან და მორალურ რეპუტაციაზე არსებულ ინფორმაციასა და მოსაზრებებს ეფუძნება. მათი განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კანდიდატებთან გასაუბრების შედეგებიც გაითვალისწინეს:
"ჩვენ მხარი დავუჭირეთ იმ კანდიდატებს, რომელთა საქმიანი და მორალური რეპუტაციის თაობაზე საერთო აზრი იურიდიულ წრეებში ყოველმხრივ დადებითი ან უმთავრესად დადებითი იყო. ვის მიმართაც არსებობდა ნეგატიური ინფორმაცია და მოსაზრებები, ან ვის მიმართაც ინფორმაციის ნაკლებობის, ან წინააღმდეგობრივი, განსხვავებული მოსაზრებებისა თუ ინფორმაციის გამო, ან სხვა მიზეზებით ვერ ჩამოგვიყალიბდა საკმარისი რწმენა სამოსამართლო მოვალეობებთან მათი შესაბამისობის საკითხზე, მათი მხარდაჭერისგან ამ ეტაპზე ჩვენ თავი შევიკავეთ. ამგვარად, ჩვენი უარი ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ არ არის კატეგორიული და საბოლოო და სავსებით შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ მომდევნო კორნკურსებში ისინი წარმატებას მიაღწევენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათი შეფასებით, რამდენიმე ყოფილმა ღირსეულმა მოსამართლემ, საბჭოს არამოსამართლე წევრების სრული მხარდაჭერის მიუხედავად, ხმათა საკამრისი რაოდენობა ვერ მოიპოვა: "როგორც ჩანს, მოსამართლე წევრებს მათ მიმართ ჩვენგან განსხვავებული პოზიცია გააჩნდათ. შესაბამისად, მოსამართლეობისთვის საკმარისი ხმათა რაოდენობა, საბოლოო ჯამში, მხოლოდ იმ კანდიდატებმა მოაგროვეს, ვის მიმართაც საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა".
საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებით, ისინი მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემების გადაჭრას საბჭოს ვალდებულებად მიიჩნევენ. მათი თქმით, სასამართლოსადმი ნდობის ასამაღლებლად აუცილებელია მოსამართლეთა კორპუსის კვალიფიციური, პატიოსანი, მიუკერძოებელი და შეუვალი პიროვნებებით შევსება.
"თუ საბჭო ვერ შეძლებს ამ პასუხისმგებლობით იმოქმედოს, ეს სახელმწიფოებრივი ინსტიტუცია თავის უმთავრეს როლსა და დანიშნულებას დაკარგავს".
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლეთა მცირე რაოდენობის არჩევის გამო საბჭოს მოსამართლე წევრების გუშინდელ განცხადებას ეხმიანებიან. მოსამართლე წევრები სინანულს გამოთქვამდნენ იმის თაობაზე, რომ 59 კანდიდატიდან საბჭომ მხოლოდ 12 აირჩია. საბჭოს არამოსამართლე წევრები განმარტავენ, რომ 2010 წლიდან დღემდე არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ საბჭოს ერთ სხდომაზე მოსამართლედ იმაზე მეტი კანდიდატი აერჩია, ვიდრე 19 ნოემბრის სხდომაზე აირჩა: "უფრო მეტიც, მთლიანად 2010 წელს საბჭოს ძველმა შემადგენლობამ სამ სხდომაზე მოსამართლედ 6 კანდიდატი გაამწესა; 2011 წელს სამ სხდომაზე - 9 კანდიდატი ; 2012 წელს ექვს სხდომაზე - 26 კანდიდატი ; 2013 წელს კი ერთ სხდომაზე - 6 კანდიდატი; შესაბამისად, იუსტიციის საბჭოს ახალი შემადგენლობით ჩატარებული 19 ნოემბრის სხდომა ამ თვალსაზრისით, ყველაზე უფრო ნაყოფიერი იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში".
საბჭოს არამოსამართლე წევრები განმარტავენ, რომ მოსამართლეთა კორპუსის ახალი კადრების შერჩევის საჭიროება კვლავ არსებობს და საბჭო უთუოდ გააგრძელებს შესატყვისი კადრების მოძიებას. თუმცა მიიჩნევენ, რომ ამ საჭიროების დაკმაყოფილებისას პრინციპულ მიდგომებზე უარი არ უნდა თქვან.
"განვმარტავთ, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურის რეფორმირების კვალობაზე, რაზედაც მუშაობა უკვე მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ისეთი სისტემის შექმნა და ამოქმედება, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს, ერთი მხრივ, მოულოდნელი საჭიროებების წარმოშობას და მეორე მხრივ, საბჭოს მიერ დაუსაბუთებელი თუ შემთხვევითი გადაწყვეტილებების მიღებას. ღრმად გვწამს, რომ მოსამართლეთა შერჩევის სისტემამ უნდა უზრუნველყოს არა მარტო ის, რომ მხოლოდ ღირსეული კადრებით მოხდეს სასამართლოს შევსება, არამედ ისიც, რომ არავის ეთქვას უსაფუძვლო უარი მოსამართლედ გამწესებაზე.
ამ საკითხში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, მოსამართლეობის ყოველ მსურველს, სამოქალაქო სექტორსა და მთელ საზოგადოებას ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობისაკენ მოვუწოდებთ", - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ევა გოცირიძის, ვახტანგ თორდიას, გოჩა მამულაშვილისა და კახაბერ სოფრომაძის განცხადებაში.