
იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის“ დირექტორი დავით მაისურაძე თეა წულუკიანმა თანამდებობიდან 2013 წლის 25 ნოემბერს გაათავისუფლა.
დავით მაისურაძის განცხადებით, მინისტრმა მასთან საუბრისას გათავისუფლების მთავარ მიზეზად 19 ნოემბერს "ლიბერალის" ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტატია დაასახელა:
"2013 წლის 25 ნოემბრიდან გამათავისუფლეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის“ დირექტორის თანამდებობიდან, სადაც ვმუშაობდი 2012 წლის სექტემბრიდან. ჩემთან საუბარში, იუსტიციის მინისტრმა ჩემი გათავისუფლების მთავარ მიზეზად დაასახელა ჟურნალ ,,ლიბერალის“ სტატია, სადაც სტატიის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსების არ მიღებაზე საუბრობს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ა.წ. აგვისტოში (პირველადი პროექტები და კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან დამთავრებული იყო ივლისშიც) სამართლებრივად და ფინანსურად სრულყოფილი საგრანტო ხელშეკრულების პროექტები უკვე მზად იყო, რომლებიც აგვისტოშივე გადაეგზავნა მინისტრს. მისი მხრიდან საჭირო იყო ხელშეკრულების პროექტებისთვის შემდეგი მსვლელობის მიცემა. კერძოდ, იუსტიციის მინისტრი ვალდებული იყო გაეგზავნა საგრანტო ხელშეკრულების პროექტები პრემიერ-მინისტრთან ან მთავრობასთან შესათანხმებლად, რადგანაც იუსტიციის სამინისტროში გრანტის გაცემის წესის თანახმად აუცილებელია პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის თანხმობა საგრანტო ხელშეკრულებების პროექტებზე. მხოლოდ ამის შემდეგ არის იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი გააფორმოს საგრანტო ხელშეკრულება გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. მაგრამ, მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი შეხსენებისა (მათ შორის ელექტრონული წერილებით), იუსტიციის მინისტრს საგრანტო ხელშეკრულებების პროექტებთან დაკავშირებით არაფერი გაუკეთებია", - განუცხადა "ლიბერალს" სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის“ ყოფილმა დირექტორმა დავით მაისურაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ლიბერალი" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ მარიამ სხილაძეს გუშინ ესაუბრა. მისი განცხადებით, გათავისუფლების მიზეზი სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია იყო: "ერთი წელი გავიდა, მინისტრმა შედეგები შეაფასა და რამდენიმე ადამიანის გათავისუფლების გადაწყვეტლება მიიღო. დავით მაისურაძის გათავისუფლებაც რეორგანიზაციის ნაწილია".
შეგახსენებთ, რომ "ლიბერალის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში დავით მაისურაძე ხელშეკრულებებზე ხელმოწერის შეფერხების რამდენიმე მიზეზს ასახელებდა. მისი განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი ხელშეკრულებების ეკონომიკური და სტრუქტურული თვალსაზრისით დახვეწა იყო. დავით მაისურაძის განმარტებით, ხელმოწერის პროცესი წინასაარჩევნო მოვლენების გამოც გაჭიანურდა.