
„სექტემბერში ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ხელმოსაწერად მზად უნდა იყოს“, - ამბობს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი „ლიბერალთან“ საუბარში. შვედეთი და პოლონეთი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნით - უკრაინით, ბელორუსით, მოლდოვით, საქართველოთი, სომხეთით და აზერბაიჯანით ინტერესდებოდნენ. კარლ ბილდტი განგვიმარტავს, რომ დაახლოებით 1000-გვერდიანი დოკუმენტი ჯერ უნდა ითარგმნოს და სამართლებრივი ექსპერტიზა გაიაროს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკიც (EPP - ევროპის სახალხო პარტია) ამბობს, რომ ხელშეკრულების სექტემბრამდე ხელმოწერა უკვე ტექნიკური საკითხია. დავით ბაქრაძესა და გიგა ბოკერიასთან შეხვედრის შემდეგ მან ერთხელაც მიანიშნა, რომ საქართველოში სასამართლო პროცესები არ შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული იყოს.
პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელების შემთხვევაში, კარლ ბილდტი საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებულ შანსს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ხედავს. მისი აზრით, ეს გარემოება უცხოური ინვესტიციების შემოდინების შანსს ზრდის.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ სამიტის ფარგლებში გამართულ სამოქალაქო ფორუმზე საგანგებოდ შეაქო მოლდოვა, როგორც ქვეყანა, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობაში ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია. როგორც ის აცხადებს, მათი დამსახურებაა, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე გუშინ ხელმოწერილი ხელშეკრულება მოლდოვის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ, მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტით ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის საშუალებას აძლევს. საქართველოსთან ამ თემაზე მოლაპარაკებები ჯერ ასე შორს არ წასულა.
სამიტის მთავარ თემად მაინც უკრაინა რჩება. პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სამიტამდე ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, ხოზე-მანუელ ბაროზოსა და ჰერმან ვან რომპუის ხვდება. როგორც ჩანს, დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთანაც.
კარლ ბილდტი იანუკოვიჩისგან უკრაინულ თემატიკაზე გულწრფელ საუბარს ელის.
სამიტის ფარგლებში წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსები, შტეფან ფულე, რომპოი და ბაროსო პოპულარულ უკრაინელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვიტალი კლიჩკოს შეხვდებიან. ეს იანუკოვიჩისთვის აშკარა სიგნალი უნდა გახდეს.
„ლიბერალთან“ საუბარში ილმარ ბროკი, რომელიც ერთ-ერთ შეხვედრას თავად ესწრებოდა, კლიჩკოს პასუხიმგებლიან და გამორჩეულ პოლიტიკოსად მოიხსენიებს.