Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თსუ-ს გაზეთის რედაქტორის ჰომოფობიური განცხადება უნივერსიტეტში კონფერენციის გამართვაზე

24 თებერვალი, 2016 17:07

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ მთავარი რედაქტორი ნინო კაკულია Facebook-ზე იმ კონფერენციას ეხმაურება, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაცია „იდენტობის“ თანამონაწილეობით უნდა გამართულიყო, ლგბტ საკითხებისადმი მგრძნობელობის გაზრდის მიზნით.

„ბოზობისა და ამორალობისადმი მგრძნობელობების გაზრდაზე  სხვა სივრცეში შეუძლიათ საუბარი... ეს ჩემი აზრია... კვლავ...“ - წერს ნინო კაკულია კომენტარებში.

„ლიბერალთან“ საუბრისას კაკულია განმარტავს, რომ ამ საკითხისადმი მგრძნობელობის გაზრდა „ბოზობისადმი მგრძნობელობის გაზრდად“ არ მიაჩნია. მისი თქმით, „ბოზობა“ ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვა იყო და რეალურად ამას არ გულისხმობდა. კომენტარში კი იმის შესახებ საუბრობდა, რომ „ზოგადად ბოზობასა და ამორალობაზე უნივერსიტეტში არ შეიძლებოდა რაიმე მსგავსი ჩატარებულიყო“.

ამავე კომენტარში კაკულია აღნიშნავს, რომ „აკადემიური თავისუფლება პასუხისმგებლობას მოითხოვს პირველ რიგში და ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მიუღებელი იქნებოდა ლგბტ-ს პროპაგანდასთან ასოცირებული კონფერენციის გამართვა, ამიტომ აქ თავად იმ აკადემიურ პერსონალს უნდა გაეთვალისწინებინა სრულიად უმრავლესობის კომფორტის საკითხი და თავად უნდა ენება კონფერენციის სხვაგან გამართვა“.

როგორც ის „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტავს, უნივერსიტეტს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის, „უმრავლესობის ყბაში ჩავარდნას, უმცირესობის ყბაში ჩავარდნა ამჯობინა“.  ნინო კაკულიას თქმით, ცუდი ის არის, რომ კონფერენციის უნივერსიტეტს გარეთ, სხვა სივრცეში გატანა გახდა საჭირო; - „არც ელგებეტეა კარგი, მაგრამ არც გატანა იყო მთლად კარგი“, - ამბობს კაკულია, -  უარესი კი ის არის, რომ „ვიღაცებმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ აკადემიური თავისუფლება შეიზღუდა უნივერსიტეტში“.

„ატყდა ზარები, ატყდა რეკვა...  ეს არ იყო მარტო საპატრიარქოდან მომდინარე ზარები, როგორც მე მაცნობეს. ეს იყო სხვა პროფესორებიდან, სატელეფონო ზარები. რას ჰქვია, უნივერსიტეტში ასეთ რაღაცას ატარებთო, იმიტომ რომ თემა იყო მგრძნობელობის გაზრდა. ეს რომ ყოფილიყო გამოკითხვა, პრეზენტაცია და არ ყოფილიყო ასეთი სათაურით, შეიძლება, ასე არ გახმაურებულიყო და ზოგიერთებში ასეთი აგრესია არ გამოეწვია ამ სათაურს“, - ამბობს კაკულია. 

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ უმრავლესობის კომფორტის ხარჯზე უნდა შეიზღუდოს იმ სტუდენტების საგანმანთლებლო ინტერესები, რომელთაც ლგბტ საკითხების შესახებ სურთ ინფორმაციის მიღება, კაკულია პასუხობს, რომ ეს საკითხი აკადემიურ სივრცეში მგრძნობიარე თემაა.

 „თუ სტუდენტებს აქვთ ინტერესი ამ შემთხვევაში... რახან ატყდა ერთი ამბავი და უნივერსიტეტში ამ წმინდა კერაში... ასე არის მოაზრებული უნივერსიტეტი ხო? რახან ასეთი მგრძნობიარე თემაა, მე ვერ ვიტყვი რომ კარგია, რომ სტუდენტების ინტერესი გაიწირა. მაგრამ ასეთი არჩევანი გაკეთდა, რომ ეს პანიკა რომ ატყდა... იცით ქართული საზოგადოების დამოკიდებულება. ჩვენ არ ვართ საზღვარგარეთ და ეს თემა ძალიან აქტუალურია და აგრესიას იწვევთ ადამიანებში, რომ არ მოვახდინოთ პროპაგანდა ახალგაზრდებში, არ მოვაწონოთ ეს თემა იმიტომ, რომ რაღაცნაირად არ შეეცვალოთ ფსიქოლოგია ახალგაზრდებს. ქართული საზოგადოების მენტალობა ასეთია და მეც ვეთანხმები ამას, რომ ნამდვილად არ მინდა ჩემს საზოგადოებაში ვიხილო უმრავლესობაში ელგებეტეს ტიპის პერსონები. ღმერთმა დაიფაროს ასეთი საქართველო. თუ არსებობენ, იყვნენ თავიანთთვის. ჩემი მოსაზრებაა, რომ დაქორწინდნენ, კი ბატონო, ოღონდ თავიანთთვის. და არ იყოს ეს პროპაგანდა ამისი, ახალგაზრდების მიზიდვა ამ თემით, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება მინდა იყოს ქალისა და კაცის ერთობა“, - ამბობს კაკულია.

„ლიბერალი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა და დაინტერესდა, ნინო კაკულიას მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებზე ადმინისტრაცია რა რეაგირებას მოახდენს. 

თსუ-ის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ჯერ მის განცხადებებს უნდა გაეცნონ.

„ჯერ ვნახოთ, რა განცხადება გააკეთა. ადამიანი გამოხატვაში თავისუფალია, მისი საჯარო სივრცეა, მაგრამ როცა დისკრიმინაციული ან ჰომოფობიური განცხადების გაკეთება ხდება, უნივერსიტეტი ყოველთვის ემიჯნება. ერთი ადამიანის მოსაზრება არ ნიშნავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პოზიციას“, - აცხადებენ თსუ-ში.

პრესსამსახურის განმარტებით, პერსონალის ქცევას უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი არეგულირებს.

თსუ-ის ეთიკის კოდექსის 3.2.3 ქვეპუნქტში, რომელიც ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს ეხება, აღნიშნულია, რომ „ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი პატივს უნდა სცემდეს უნივერსიტეტს და მის ტრადიციებს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს მოეპყროს სამართლიანად და პატივისცემით. ადმინისტრაციულმა პერსონალმა უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გამორიცხავს თანამშრომლებისა და სტუდენტების დისკრიმინაციას სქესისა და ასაკის, რასობრივი, ეთნიკური, პოლიტიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე“.

მოგვიანებით, კაკულიამ Facebook-ზე გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. 

„საჯაროდ მინდა დიდი ბოდიში მოვიხადო იმ უცენზურო სიტყვებისთვის, რომელიც ჩემს კომენტარში გამოქვეყნდა უნივერსიტეტში გასამართი კონფერენციის შეფასებისას, რომლის თემაც იყო ,,ლგბტ-სადმი ახალგაზრდებში მგრძნობელობის გაზრდა". აქვე მინდა განვმარტო ჩემი შეცდომის მიზეზი: როდესაც კონფერენციის თემის სათაური გახდა ცნობილი, უნივერსიტეტის უამრავმა პროფესორ-მასწავლებელმა და სტუდენტმა მომმართა და მოიხსენია ეს კონფერენცია ისეთი სიტყვებით, რომელთა განმეორებაც მე აღარ მინდა. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მე ამ ზარების გავლენის ქვეშ მოვექეცი და ემოციური კომენტარი დავწერე, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს. ერთი მეტაფორა მინდა მოვიშველიო - დამემართა მძღოლის სინდრომი, როდესაც იგი უცენზურო სიტყვებით იძლევა რეაქციებს სხვადასხვა საგზაო შემთხვევისას..." - წერს კაკულია Facebook-ზე.

22 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოქალაქეთა ჯგუფმა სტუდენტური კონფერენცია გააპროტესტა, რომელიც თსუ-ში გენდერის კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ თანამონაწილეობით უნდა გამართულიყო. 

კონფერენციის („გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა”) ერთ-ერთი თემა ლგბტ პირთა მიმართ დამოკიდებულებები უნდა ყოფილიყო. „იდენტობამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო ამ ჯგუფების მხრიდან შესაძლო ძალადობისგან კონფერენციის მონაწილეთა დაცვა და დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მიზნით, უარი თქვა ამ სივრცეში კონფერენციის ჩატარებაზე“, რის გამოც „იდენტობამ“ გადაწყვიტა, კონფერენცია საკუთარ ოფისში გაემართა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^