8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სამცხე-ჯავახეთის მხარეში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა „ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატ გიორგი კოპაძეს უნდობლობას უცხადებდა. კოპაძემ მოსახლეობას თავი ისლამოფობიური გამონათქვამებით ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაამახსოვრა, როდესაც სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებდა. იგი თანამოაზრეებთან ერთად რეფერენდუმსაც ითხოვდა, რომლითაც მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, „უნდა იყოს თუ არა საქართველოში მინარეთები“. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ახალციხე-ადიგენის ოლქში მაინც ძლიერი მხარდაჭერა მიიღო.
„ლიბერალი" დაინტერესდა, როგორ გადანაწილდა ამომრჩეველთა ხმები იმ სოფლებში, სადაც მუსლიმი თემი რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებული კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდა.
წინასაარჩევნო პერიოდში, ჯერ კიდევ სექტემბერში „ლიბერალი“ სამცხე-ჯავახეთის მკვიდრ მუსლიმ მოსახლეობას ესაუბრა, რომლებიც ამბობდნენ, რომ კოპაძე მუსლიმების ხმებს ვერ მიიღებდა.
სამცხე-ჯავახეთის ოლქში 53 საარჩევნო უბანია. მე-15 უბანზე (სულ 672 ამომრჩეველი), რომლის საზღვრებშიც 7 სოფელი (ჭეჭლა, ჭელა, საირმე, კეხოვანი, ზედუბანი, ღორთუბანი, აფიეთი) შედის, „ქართულმა ოცნებამ“ 129 ხმა მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 226 ხმა, სხვა კანდიდატებმა კი ჯამში 59 ხმა მიიღეს.
კიდევ ერთი სოფელი, სადაც მუსლიმი მოსახლეობის პრობლემები გამოიკვეთა, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი მოხეა. უმეტესად მუსლიმი მოსახლეობით დასახლებულ სოფელში, ადგილობრივი მკვიდრების თქმით, მოქმედი მეჩეთი არ არის. ნაგებობა, რომლის მეჩეთად რეკონსტრუქციასაც მუსლიმები წლებია მოითხოვენ, დღემდე „სადავო ნაგებობად“ რჩება.
მოხის მოსახლეობამ ხმა მე-11 საარჩევნო (სულ 427 ამომრჩეველი) უბანზე მისცა (სოფელ ციხისუბნისა და ნამინაურის მოსახლეობასთან ერთად), სადაც ხმები შემდეგნაირად განაწილდა: ვაჟა ჩიტაშვილი (ენმ) – 134 ხმა, გიორგი კოპაძე („ქართული ოცნება“) - 109 ხმა, სხვა მაჟორიტარები - 35 ხმა.
რაც შეეხება სოფელ ადიგენს, სადაც ქრისტიანი მოსახლეობა მუსლიმებს ცალკე სასაფლაოს გაკეთების უფელბას არ აძლევდა, მე-6 უბანზე (814 ამომრჩეველი), რომლის შემადგენლობაშიც ადიგენთან ერთად გურგული, იჯარეთი და იმერთუბანი შედის, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი კოპაძე 208 ხმით ლიდერობს, ენმ-ის კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა კი 138 ხმა მიიღო. სხვა კანდიდატებმა ჯამში 110 ხმა მიიღეს.
რაც შეეხება ზოგადად ოლქს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი საქართველოს მასშტაბით სულ 2 საარჩევნო ოლქში ლიდერობს. ერთ-ერთი ასეთი ოლქი მუსლიმი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებული ახალციხე-ადიგენის #44-ე საარჩევნო ოლქია, სადაც ენმ-ის კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა 12 724 ხმა (44,07%), ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი კოპაძემ 11 446 ხმა (39,65%) მიიღო.
მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური ნოემბერში გაიმართება.