რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, სოფელ მოხეში სადავო ნაგებობად წოდებული შენობის წარმომავლობის დასადგენად 2014 წელს შექმნილი კომისიის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის კომუნიკაცია არსებობს.
საგულისხმოა, რომ კომისია 2 წლის წინ ნაგებობის წარმომავლობის დადგენის მიზნით შეიქმნა, თუმცა დასკვნა ამ დრომდე არ არსებობს. „ლიბერალის" მიერ 2016 წლის მაისში მომზადებულ სტატიაში ჩანს, რომ კომისიას მაისში ნაგებობის წარმომავლობის შესწავლა დაწყებულიც არ ჰქონდა.
ვაშაყმაძის თქმით, პროცესი 2 წელი გაგრძელდა, თუმცა შეიძლება, ის 3 წელსაც გაგრძელდეს.
„ყველაფერი უახლოეს მომავალში მოგვარდება და იქნება ყველაფერი ძალიან კარგად. ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ დიალოგი არსებობს, კომუნიკაცია არსებობს ერთმანეთში, მოსახლეობას შორის ურთიერთობა აღდგა. ესაა ამ ეტაპის პირველი მიღწევა და არა ის, ერთი შენობის საკითხი გადაწყვეტილია თუ არა. 2 წელია გრძელდება ეს ეტაპი შეიძლება, სამი წელი იყოს…" - თქვა ვაშაყმაძემ.
მისი თქმით, ბრალდება, რომ სახელმწიფო არ არის საკითხის მოგვარებით დაინტერესებული, არასწორია, რადგან სააგენტომ 130 მეჩეთის საკითხი უკვე მოაგვარა.
მისივე განმარტებით, მოხის სადავო ნაგებობის საკითხზე კომისიის შემდგომი სხდომა 3 ნოემბერს გაიმართება.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ მუსლიმმა თემმა სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობაში ლოცვა აღავლინა, პოლიციამ ნაგებობის კარი და ფანჯრები აჭედა. მუსლიმი მოსახლეობის თქმით, ნაგებობის ირგვლივ პოლიციის ყვითელი ზოლია შემოვლებული და ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
მას შემდეგ, რაც მას მუსლიმებმა პროტესტის ნიშნად ლოცვა აღავლინეს. ნაგებობაში მუსლიმი მოსახლეობის ლოცვის წინააღმდეგ ადგილობრივი ქრისტიანი სამღვდელოება ქრისტიანი მრევლის სახელით გამოვიდა.
ორ თემს შორის დაპირისპირება 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ადგილობრივი ქრისტიანები და მუსლიმები სადავო ნაგებობის წარმომავლობაზე ვერ შეთანხმდნენ. მუსლიმები ამბობდნენ, რომ ნაგებობა ისტორიულად მეჩეთი იყო, ქრისტიანების თქმით კი - იგი ეკლესიის ქვებით აშენდა, ამდენად მისი მეჩეთად რეკონსტრუქცია მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ქრისტიანები თანხმობას გამოთქვამდნენ, ნაგებობა სოფლის კლუბი ან ბიბლიოთეკა გამხდარიყო.
მუსლიმებმა მშენებლობისთვის ხელის შეშლა სცადეს, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა 14 მუსლიმი დააკავეს. იმ პერიოდში მოსახლეობა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბრობდა, თუმცა სამართალდამცველები პასუხისგებაში არ მიუციათ.
პოლიციამ მოხეში სადავო ნაგებობის კარი ჩახერგა - შსს: კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ