
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია და ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია რელიგიის სააგენტოს საქმიანობის შესახებ სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების მიერ ბრიფინგზე დღეს გაკეთებული განცხადებებისა და გავრცელებული რელიზის პათოსს არ იზიარებენ.
დღეს რელიგიურმა გაერთიანებებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მათთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო აჟიოტაჟი, რომელიც სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის საკითხებზე გაჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიფინგს არც ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის და არც ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, ბრიფინგის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ რელიზში ამ ეკლესიების სახელებიც ფიგურირებდა. ორივე ეკლესიაში „ლიბერალს" უთხრეს, რომ მათ ბრიფინგში მონაწილეობის მიწვევა მიუვიდათ, თუმცა ამაზე უარი განაცხადეს, რადგან განცხადების პათოსს არ იზიარებენ.
მოგვიანებით, ბრიფინგს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:
„2016 წლის 14 დეკემბერს ებრაელთა მუზეუმში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საპატრიარქოს, სრულიად მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და საქართველოს ებრაელთა კავშირის წარმომადგენლებმა (სულ ექვსი რელიგიური თემი) დადებითად შეაფასეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და სახიფათო ტენდენციად გამოაცხადეს რელიგიურ თემებთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკა.
აღნიშნული პრესკონფერენცია პასუხია იმ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ამა წლის 12 დეკემბერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ, რომელზეც განხილული იყო რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევები. აღნიშნულ კონფერენციაზე რელიგიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ელოდნენ სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის ბატონი ზაზა ვაშაყმაძის მოხსენებას. სამწუხაროდ, გაურკვეველი მიზეზების გამო, მან დღის წესრიგში ჩანიშნულ და მასთან შეთანხმებულ მოხსენებამდე რამდენიმე წუთით ადრე განუცხადა უარი მოსვლაზე ორგანიზატორებს. ამდენად, უპასუხოდ დარჩა უამრავი კითხვა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც რელიგიურ თემებს აწუხებთ ამ ქვეყანაში.
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის დღიდან გამოხატავს კრიტიკულ დამოკიდებულებას ამ ინსტიტუციის მიმართ მისი შექმნის პროცესების, მისი მიზნებისა და სტრატეგიის გამო. დღევანდელ პრესკონფერენციაზე მოწვევა მიიღო ჩვენმა ეკლესიამ, მაგრამ არც დასწრებია აღნიშნულ ღონისძიებას და არც განცხადებაზე მოუწერია ხელი.
ამდენად, ვთხოვთ როგორც რელიგიის საკითხთა სააგენტოს, რომელიც ორგანიზატორი და მომწვევი იყო 14 დეკემბრის პრესკონფერენციისა, ასევე იმ მედია სააგენტოებს, რომელთაც გააშუქეს დღევანდელი პრესკონფერენცია, შეასწოროთ განცხადების ხელმომწერთა სია და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას ნუ მოიხსენიებენ იმ რელიგიებს შორის, რომლებიც დადებითად აფასებენ სააგენტოს საქმიანობას".
საპატრიარქო და სხვა რელიგიური გაერთიანებები რელიგიის სააგენტოს არსებობას პოზიტიურად აფასებენ