Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორგანიზაციები მზიურთან დაგეგმილ მშენებლობაზე: პროექტი ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს

14 თებერვალი, 2017 14:11

გარემოს დაცვისა და ქალაქის ეკოლოგიისა და საჯარო სივრცეების დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აქტივისტურმა ჯგუფებმა მზიურის მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ქალაქის მერს ღია წერილით მიმართეს:

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმოებაშია შპს „სონეტ ქონსთრაქშენის“ წარმომადგენელთა განაცხადი საჯარო სივრცის, „მზიურის პარკის“ მომიჯნავე ტერიტორიაზე, სარეკრეაციო ზონაში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მიღების მოთხოვნით. განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სარეკრეაციო ზონაში მშენებლობასა და სამშენებლო კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტებას, რეკომენდებული იქნა ქალაქის მერიის ზონალური საბჭოს მიერ და დამტკიცდა ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. აღნიშნულის საფუძველზე, მენაშენემ უკვე მიმართა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქტექტურის სამსახურს და მოითხოვა დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, სარეკრეაციო ზონის ცვლილება.

წინამდებარე წერილით ვაცხადებთ, რომ ინვესტორის მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს ზონალური შეთანხმებისა გაცემისა და ფუნქციური ზონის ცვლილებისათვის კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს, მთლიანად ემსახურება კერძო პირის ინტერესს, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აგრძელებს ადმინისტრაციული ორგანოების ხედვიდან საჯარო ინტერესის გათვალისწინების სრული გამორიცხვის პრაქტიკას.

მოთხოვნლი ზონალური ცვლილებების მნიშვნელოვან დასაბუთებად ინვესტორის განცხადებაში მიჩნეული ფაქტი, რომ ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს რეკრეაციული ზონა დაედო ამ ტერიტორიაზე წარსულში ერთ-ერთი პროექტის შეთანხმების შედეგად, არ წარმოადგენს არც ზონის ცვლილების სამართლებრივ დასაბუთებასა და არც ამ ზონის მინიჭების გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენების სამართლებრივ საფუძველს.

მინიჭებული ფუნქციური ზონებისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების ცვლილებისათვის, კანონმდებლობით მართლაც გათვალისწინებულია პირობები, თუმცა წარმოდგენილი განცხადების მიზნებისათვის, არც ერთი პირობა არ არის დაკმაყოფილებული, კერძოდ:

ზონალური ცვლილებები, არ უნდა უპირისპირდებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქალაქგეგმარების ფუნდამენტურ პრინციპებს;

ხოლო ქალაქგეგმარების ზღვრული პარამეტრების ცვლილება დასაშვებია, თუ მას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მიზეზები, ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით და ამას არ უპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.

მოთხოვნილი ზონალური ცვლილება ეწინააღმდეგება ქალაქმშენებლობის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას, ეკოლოგიური წონასწორობის დაცვასა და აღდგენას, ბუნებრივი რესურსებისა და ფასეულობების, მათ შორის, სარეკრეაციო რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და დაცვას.

აღნიშნულის გარდა, მიუხედავად საბჭოს სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების არა ერთი მოთხოვნისა, საბჭოს არ უმსჯელია კონკრეტულ დასაბუთებაზე, თუ რა განსაკუთრებული მიზეზებით შეიძლება იყოს განპირობებული ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება. აღნიშნული საკითხი განხილვის ობიექტი არ გამხდარა არც ქალაქის საკრებულოს შესაბამისი კომისიის სხდომაზე.

სხდომებზე, აქტივისტთა მხრიდან განმარტებული იქნა, რომ მოთხოვნილი სამშენებლო გადაწყვეტა წინააღმდეგობაშია მნიშვნელოვან საჯარო ინტერესთან, არ შეილახოს სარეკრეაციო ზონა და არ გაჩაღდეს მორიგი მშენებლობა საჯარო სივრცის მომიჯნავედ, რაც ფუნდამენტურად დააზიანებს საჯარო სივრცის ფუნქციით სარგებლობას. ქალაქის უმძიმესი ეკოლოგიური გარემო, არა ერთხელ გამხდარა პოლიტიკური ფორუმებისა და სამოქალაქო საზოგადოების მსჯელობისა და წუხილის საგანი. სწორედ ქალაქის უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო სივრცეების რაოდენობის კატასტროფული შემცირება, წარმოადგენს ერთ-ერთ ცენტრალურ მიზეზს, ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებითი სამუშაოების დასაწყებად. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კერძო ინტერესების სასარგებლოდ, საჯარო ინტერესის სრული უგულებელყოფა, ქალაქის მუნიციპალიპალური ორგანოების ყოველდღიური პრაქტიკაა, რაც შედეგად იწვევს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დეგრადირებას, ადამიანის ჯანსაღ გარემოსთან ქალაქის გარემოს სრულ შეუთავსებლობასა და საჯარო სივრცეების პოლიტიკური ფუნქციის შელახვასა და დაქვეითებას.

აქვე აღსანიშნავია, რომ ინვესტორის მიერ წარმოდგენილი ღონისძიებები, რაც მისი კერძო ტერიტორიის კეთილმოწყობასა და გამწვანებას ისახავს მიზნად, არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, ისეთი სამშენებლო აქტივობების საკომპენსაციო ღონისძიებებად, რომლის შედეგადაც მთლიანად იცვლება ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი ხასიათი, კიდევ უფრო იზრდება ამ უბანში ისედაც მაღალი სიმჭიდროვის კომპონენტი, ტრანსპორტის ნაკადები, ილახება საჯარო სივრცეების პოლიტიკური ფუნქცია და მცირდება სარეკრეაციო ზონები.

გვსურს ასევე ყურადღება გავამახვილოთ იმ ძირითად მოტივზე, რომელიც როგორც მერიაში, ისე საკრებულოში გამართულ სხდომებზე სახელდებოდა, როგორც ყველაზე ხელშესახები დასაბუთება აღნიშნული მოცულობის მშენებლობის განსახორციელებლად, კერძოდ იმ 50-მდე ოჯახის მძიმე საცხოვრებელი პირობები, რომლის გაუმჯობესებასაც ინვესტორი მიმდინარე მშენებლობის მისი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელების შემთხვევაში გეგმავს. უსახლკარო და არასათანადო საცხოვრისში მაცხოვრებელ პირთა საცხოვრისის უფლება აღიარებულია ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით. სათანადო საცხოვრისის გარანტირებისა და ადექვატური სისტემის შექმნისა და უზრუნველყოფის ვალდებულება, თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ვალდებულებაა. მიუღებელია აღნიშნული ვალდებულების კერძო პირებზე გადაკისრება, ქალაქის ეკოლოგიური გარემოსა და საჯარო სივრცეების შელახვის ხარჯზე, მით უფრო, რომ ასეთი ღონისძიება ვერ ჭრის ქალაქში არსებულ საცხოვრისის სისტემურ პრობლემას.

მიგვაჩნია, რომ მოთხოვნილი მშენებლობის მასშტაბისა და სიმჭიდროვის შემცირების ხარჯზე, შესაძლებელია ერთი მხრივ, წინამდებარე წერილში დასაბუთებული საჯარო ინტერესის დაცვა, მეორე მხრივ, ადგილობრივი 50 ოჯახის ადექვატური საცხოვრისით უზრუნველყოფა, მით უფრო, რომ მოცულობის შემცირების რეკომენდაცია გათვალისწინებულია ზონალური საბჭოს სამი წევრის დასკვნაში.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე მოვითხოვთ:

1) უარი ეთქვას კოეფიციენტის ცვლილებებს, კანონით გათვალისწინებული პირობების არ არსებობის გამო;

2) არ განხორციელდეს სარეკრეაციო ზონის ცვლილება, შემოთავაზებული პროექტის კანონით გათვალისწინებულ პრინციპებთან არსებითი წინააღმდეგობის გამო;

3) ინვესტორს დაევალოს მასშტაბური პროექტის სიმჭიდროვისა და მოცულობის იმგვარად შემცირება, რომ მშენებლობა განხორციელდეს სარეკრეაციო ზონის მიღმა, რაც წინააღმდეგობაში არ მოვა, ერთი მხრივ მომიჯნავე საჯარო სივრცისა და მეორე მხრივ, საპროექტო ტერიტორიის მფლობელთა ინტერესებთან;

4) მომეტებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, როგორც ზონალური შეთანხმების, ისე ზონის ცვლილების შესაბამისი პროექტების მომზადებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესები წარიმართოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობით", - ნათქვამია განცხადებაში.

კიდევ ერთი მრავალფუნქციური კომპლექსი სარეკრეაციო ზონაში

განცხადებას ხელს აწერენ:

Initiative for a Public Space ინიციატივა საჯარო სივრცისათვის

პარტიზანული მებაღეობა თბილისში Guerrilla gardening Tbilisi

იარე ფეხით Iare Pekhit

ტფილისის ჰამქარი - Tiflis Hamkari

„ცხოველთა უფლებების კომიტეტი“

„ვეგან ჯორჯია“

აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს ლურჯი ფარი Blue Shield Georgia

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^